სოფლის მეურნეობა
01/07/2020

ზურაბ მარგველაშვილი: ღვინის ექსპორტის ზრდა ხარისხთან დაკავშირებულ რისკებსაც ზრდის

რაც უფრო იზრდება ექსპორტი, მით უფრო იზრდება ხარისხთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები, - „თბილღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს.

ზურაბ მარგველაშვლი მიიჩნევს, რომ ექსპორტის სწრაფად ზრდასთან ერთად, იზრდება ღვინის მწარმოებელთა ნაწილში ხარისხის დაწევის ცდუნება, თუმცა აქ საქართველო „არც პირველია და არც უკანასკნელი“.

„თბილღვინოს“ დამფუძნებელი გამოსავალს მაღალი რეპუტაციის, საერთაშორისო საინსპექციო კომპანიის შემოყვანაში ხედავს.

„მნიშვნლოვანია, რომ ის სისტემა, რომელიც ექსპორტირებული ღვინის ხარისხის კონტროლზე წლების წინ იყო, ჩვენი აზრით, ჩვენი კომპანიის აზრით, ვერ პასუხობს იმ გაზრდილ მოთხოვნას, საფრთხეებსა და რისკებს, რაც დღეს აქვს ქართულ მეღვინეობას. ალბათ, უფრო მეტად არის საჭირო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, საერთაშორისო კომპანიების მოწვევა, იმისთვის რომ 100%-ით იყოს დაზღვეული საქართველო, როგორც მეღვინეობის ქვეყანა, რომ ექსპორტზე არ გავა არასათანადო ხარისხის არც ერთი ბოთლი, რადგანაც ეს როგორც საშუალო, ასევე გრძლევადიან პერიოდში ჩვენ დიდი საფრთხეების წინაშე გვაყენებს. ეს საფრთხეები არის გამოსარიცხი“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას ზურაბ მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ქართული ღვინის რეპუტაცია უნდა იყოს დაცული როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ ბაზარზე.  

„არის საერთაშორისო პრაქტიკა, შერჩევითი საინსპექციო კონტროლი, უბრალოდ, საინსპექციო კონტროლი უნდა იყოს შეუვალი და ისეთი რეპუტაციის მქონე, რომელიც არავის გამო გამონაკლისებს არ დაუშვებს“, - ამბობს  „თბილღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი.