ვენახების კადასტრის პროგრამა წლის ბოლომდე დასრულდება
ვენახების კადასტრის პროგრამა წლის ბოლომდე დასრულდება. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, შედეგად სრულად იქნება პასპორტიზებული საქართველოს ვენახები.
„ვენახების კადასტრი ყოველწლიურად განახლდება, იცვლება ჯიშები, ზოგიერთი ვენახის ფართობი და მოცულობა შეიძლება შემცირდეს, ან პირიქით გაიზარდოს, ეს ყველაფერი აისახება კადასტრში. ამასთან, ჩვენ უკვე მზად ვართ და მთავრობა დაამტკიცებს შესაბამის ნორმატიულ აქტს, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ვენახების კადასტრის მართვისას.“-აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მისივე ინფორმაციით, ვენახების კადასტრის პროგრამა უკვე დასრულდა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სადაც ჯამში, აღწერილია 45 312 ჰექტარი ფართობის ვენახი. 2023 წელს, პროგრამა იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელდება, რითაც სრულად მოიცავს საქართველოს მევენახეობის რეგიონებს.
როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ვენახების კადასტრი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა და ის უზრუნველყოფს რთველის პროცესის ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე ყურძნისეული პროდუქტების მიკვლევადობას.
„თუ გვინდა, რომ ქართულ ღვინოებს ჰქონდეს აღიარება, ვენახების კლასიფიკაციაა მნიშვნელოვანი, რისი ფუნდამენტიც არის სწორედ ვენახების კადასტრი. ეს არის ის, რაზეც უნდა დაშენდეს ვენახების კლასიფიკაცია და გადაიდგას ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრების მნიშვნელოვანი ნაბიჯები.“-აღნიშნა სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შალვა ხეცურიანმ,ა.
ცნობისთვის, ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და მოიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და სხვა სახის ინფორმაციას. ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს.