ვარციხეში მოყვანილი ლურჯი მოცვი საექსპორტო ბაზრებზე გადის
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მოყვანილი ლურჯი მოცვი საექსპორტო ბაზრებზე გადის.
კომპანია „აგროლეინს“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო აქვს, მისი წლიური წარმადობა კი 300 ტონაა.
კომპანიას საკუთარი მოცვის ბაღი 6 ჰექტარზე აქვს გაშენებული და აქტიურად თანამშრომლობს იმერეთის რეგიონში არსებული მოცვის პლანტაციების მფლობელ ფერმერებთან, შედეგად, „აგროლეინის“ საწარმო 40 ჰექტარზე გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის სწრაფ გაციებას, დახარისხებას, შეფუთვას და რეალიზაციას უზრუნველყოფს .
საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 419 397 ლარი გრანტია, 522 495 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.
ამავდროულად წელს, კომპანიამ, შეღავათიანი აგროკრედიტის მხარდაჭერით, ტრაქტორი და სხვადასხვა აგროოპერაციისათვის საჭირო აგრეგატები შეიძინა; შეღავათიანი სესხის თანხამ 105,000 ლარი შეადგინა.
გადამმუშავებელ საწარმოში, სეზონზე, 28 ადგილობრივია დასაქმებული.
„სახელმწიფოს მიერ, სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა კომპონენტში ხორციელდება ფერმერთა მხარდაჭერა, რაც შპს „აგროლეინის“ მოცვის წარმოების მაგალითზეც კარგად ჩანს. კომპანია ფლობს მოცვის პლანტაციას და სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ თანამედროვე სამაცივრე მეურნეობას, სადაც პროდუქცია სარეალიზაციოდ მზადდება. სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, „აგროლეინის“ მოცვის ბაღში სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტის Global Gap დანერგვის პროცესი მიმდინარეობს; პროდუქციის ბრენდირება კი „ტექნიკური დახმარების პროგრამის“ მხარდაჭერით განხორციელდა“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა საწარმოში სტუმრობისას.