სოფლის მეურნეობა
12/10/2020

"ცივის ყველი“ სარეალიზაციო არეალს აფართოებს

კოვიდპანდემიის გამო შესუსტებულმა ჰორეკა სექტორმა და საჰარეო მიმოსვლის შეფერხებამ „ცივის ყველს“ სარეალიზაციო ბაზრის გაფართოებისკენ უბიძგა.

ამ ეტაპზე კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს და 1 თვეში საკუთარი პროდუქციის "ფრესკოში", "ორ ნაბიჯში", "ზღაპარსა" და "ევროპროდუქტში" შეტანას გეგმავს.

რაც შეეხება ექსპორტს, კომპანიის დამფუძნებელის თქმით, „ცივის ყველის“ პროდუქციის ექსპორტი ამერიკაში შეუფერხებლად ხორციელდება. პანდემიის დაძლევისა და საზღვრების გახსნის შემდეგ კი „ცივის ყველი“ ახალი სარეალიზაციო ბაზრების ათვისებას გეგმავს. ამ მიმართულებით კომპანია მოლაპარაკებებს თურქეთთან, უზბეკეთთან და ისრაელთან აწარმოებს. მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად კი საზღვრების გახსნა აუცილებელი პირობაა.

ამასთან, როგორც გოჩა ღაღაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, სარეალიზაციო არხების სიმცირის გამო საწარმოს პოტენციალის სრული ათვისებაც ვერ ხერხდება. ამ ეტაპზე, „ცივის ყველის“ ქარხანაში დღეში 2-3 ათასი ლიტრი რძე გადამუშვდება, თუმცა საწარმოს დღიურად 10 000 ლიტრის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს.

როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, „ცივის ყველი“ სარეალიზაციო არეალის გაფართოებას საწარმოს პოტენციალის სრულ ათვისებამდე განაგრძობს. კომპანიაში ამბობენ იმასაც, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ „ცივის ყველის“ პროდუქციაზე მოთხოვნა 20-30%-ით გაიზრდება.

„ცივის ყველი“ უკვე 12 წელია ბაზარზეა. საწარმო თელავში მდებარებს და 200-მდე სახეობის ყველს აწარმოებს. ამ ეტაპზე კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე მხოლოდ ამერიკაში გადის (300-400 კგ. ყოველთვიურად. 4-5 წელია). საქართველოს ბაზარზე კი „ცივის ყველის“ ნაწარმის შეძენა კარფურში, გუდვილსა და ნიკორაშია შესაძლებელი.