ბიზნესი
01/11/2023

LIMONATI BY BORJOMI - ნამდვილი ქართული ლიმონათი, მხოლოდ ბორჯომისგან

„ბორჯომი“ სასმელების ახალ კატეგორიაში შედის

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, პორტფელს აფართოებს და პრემიუმ ლიმონათების ასორტიმენტით, ტკბილი გაზიანი სასმელების კატეგორიაში შედის. LIMONATI BY BORJOMI„ლიმონათი ბორჯომისგან“, ახალი ინოვაციური პროდუქტია, რომელსაც ქართული მინერალური წყლის ბრენდი მომხმარებელს უახლოეს პერიოდში შესთავაზებს. „ლიმონათი ბორჯომისგან“, დამზადებულია „ბორჯომის“ მინერალური წყლით და ქართული ნატურალური ხილის წვენით.

ახალი ქართული ლიმონათი ქილაში ჩამოისხმება, შეფუთვის დიზაინზე იტალიურმა ბრენდინგ სააგენტო „პაგინამ“  იმუშავა. ლიმონათის  ოთხი გემო  – მსხალი, აჭარული მანდარინი, ტარხუნა და ციტრუსი, შესაბამისი ფერის ქილებშია წარმოდგენილი. დიზაინი, ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ორნამენტთან ერთად, ბორჯომის ხეობას, მინერალურ წყალს და ბრენდის სიმბოლოს -  ირემს, ოვალის ფორმის გამოსახულებაში აერთიანებს. სპეციალურად შეირჩა ქართული ჟღერადობის სახელწოდებაც - LIMONATI ბორჯომისგან, რომელიც სიტყვის  პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო ენაზე დაიწერა.

ივანე მაჭავარიანი, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი

„ინოვაციური პროექტების განხორციელება და პორტფელის გაფართოება, ჩვენი კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ვცდილობთ, ვიყოთ ნოვატორები, ერთი მხრივ დავნერგოთ სიახლეები და მეორე მხრივ მოვიზიდოთ სრულიად განსხვავებული, ჩვენთვის ახალი კატეგორიის მომხმარებლები. ტკბილი გაზიანი სასმელების კატეგორიაში შესვლა ერთგვარი გამოწვევაა, რადგან გარემო საკმაოდ კონკურენტულია. თუმცა მიგვაჩნია, რომ „ქართული ლიმონათი ბორჯომისგან“, გამორჩეულია თავისი შემადგენლობით და გემოთი, რაც მის წარმატებას განაპირობებს და ღირსეულად გააგრძელებს საქართველოში ლიმონათის დამზადების 100 წლიან ტრადიციას“.

„ლიმონათი ბორჯომისგან“ ბორჯომის ჩამომსხმელ N2 ქარხანაში იწარმოება და საქართველოს გარდა ექსპორტზე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გავა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსხვილ სავაჭრო ობიექტებთან. ბრენდი ახალი პროდუქტის საკომუნიკაციო კამპანიას და ქსელში გატანას 2024 წლის დასაწყისიდან გეგმავს. ასევე მალე, მისი შეძენა კომპანიის ონლაინ გაყიდვების პლატფორმა www.mywatershop.ge - ზეც იქნება შესაძლებელი.

 

 

Businesspartner