სოფლის მეურნეობა
26/06/2023

ტრაქტორის მართვა და ნიადაგის დამუშავება - მამაკაცებში პოპულარულ საქმიანობას ქალებიც ეუფლებიან

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტია, რადგან ის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან დოვლათს ქმნის. მოსავლის მისაღებად საჭიროა მიწის დამუშავება, რისთვისაც ტექნიკას გამოიყენებენ. სწორედ ამ ტექნიკის მართვას სწავლობენ სტუდენტები პროფესიულ კოლეჯში. სტერეოტიპიც დამსხვრეულია და მამაკაცებში პოპულარულ საქმიანობას ქალებიც ეუფლებიან.

„როდესაც ტრაქტორის მართვის სწავლა გადავწყვიტე, ოჯახის წევრებს არც გაკვირვებიათ, პირიქით, მხარი დამიჭირეს. თუმცა, საზოგადოებაში იყო სკეპტიკური განწყობებიც, ამბობდნენ - ქალს ტრაქტორთან რა უნდა. მაგრამ ამ განწყობებს არ შევუშინდი. შეუძლებელი არაფერია. სამომავლოდ, მინდა ჩემი დიდი ნაკვეთი მქონდეს, რომელსაც მე დავამუშავებ და ხეხილის ბაღს გავაშენებ“, - ამბობს სტუდენტი, ნინი ყვავიაშვილი. 

„მინდა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელი შევუწყოთ. მსოფლიოში ეს დარგი ვითარდება, ბევრი ახალი ტექნოლოგიაა და არ მინდა, საქართველო ამ ყველაფერს ჩამორჩეს. ტექნიკაც ახალია და არ გვყავს შესაფერისი კადრი, როლებსაც სწორად მართვა ეცოდინებათ. რეალურად, ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი, სოფლის მეურნეობა განვითარდეს.

ტრაქტორის მართვა იმდენად რთული არ არის, როგორც თავიდან მეგონა. უნდა გაუგო პრინციპი, მიჰყვე დინებას, კონცენტრირდე, რომ სწორად გააკეთო შენი საქმე. ტრაქტორის მართვას სიფრთხილე სჭირდება, რაც ქალებს კარგად გამოგვდის.

ამჟამად აგრარულ უნივერსიტეტში და პარალელურად პროფესიულ კოლეჯში ვსწავლობ, ვაპირებ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაზე. აგრონომია მეცნიერული კუთხით მაინტერესებს. თუმცა, ვფიქრობ, კარგმა აგრონომმა ყველა მიმართულება უნდა იცოდეს, რადგან ეს კომპლექსური თემაა, ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. ჩემი აზრით, კარგი სპეციალისტი რომ იყო, ყველაფერი კარგად უნდა იცოდე“, - ამბობს ირინა გურგენიძე. 

14 კვირიან კურსს სტუდენტები ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში გადიან. პროგრამის მიზანია - თანამედროვე ტექნოლოგიებითა და პრინციპებით, გადამზადდეს კადრი, რომელიც შეძლებს ტრაქტორის მართვას, მის მცირე რემონტს და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებას ტრაქტორის გამოყენებით. კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს, შესაძლებლობა ექნებათ გავიდნენ T კატეგორიის მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე და მოიპოვონ ტრაქტორის მართვის მოწმობა. სწავლა უფასოა.

agropartner.ge

Businesspartner