თორნიკე ლათათია: ნუშის შემთხვევაში ძირითადი გამოწვევაა საწარმოო სიმძლავრეების ნაკლებობა
საქართველოში ფერმერები ნუშის ბაღების გაშენებით ინტერესდებიან. ისინი მოსავალსაც აორმაგებენ, თუმცა, როგორც ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი თორნიკე ლათათია აცხადებს ისინი გამოწვევების წინაშე მაინც დგანან და ეს საწარმოო სიმძლავრეების ნაკლებობას უკავშირდება.
"ნუშის შემთხვევაში ძირითადი და მტკივნეული გამოწვევა იქნება საწარმოო სიმძლავრეების ნაკლებობა. ნუში, რომელიც ჩვენთან იწარმოება, უმრავლეს შემთხვევაში იყიდება ნუშის გული და არა გაუტეხავი, შესაბამისად, ნუშის გასაყიდად მნიშვნელოვანია, რომ იყოს საწარმოები, რომლებიც ამ ნუშს გადაამუშავებენ და როგორც საბოლოო პროდუქტს, ნუშის გულს, ისე გაყიდიან. როგორც ვიცი, დღეის მდგომარეობით, 1 ან 2 საწარმოა, ვფიქრობ, იმ მოცულობებისთვის, რა მოლოდინიც გვაქვს, ამ რაოდენობის საწარმოები საკმარისი არ იქნება და მნიშვნელოვანია, სხვა საწარმოების გახსნაც მოესწროს", - აღნიშნა თორნიკე ლათათიამ.
მისი თქმით, წელს ფერმერები 3 500-დან 4000 ტონამდე გაუტეხავი ნუშის მოსავალს მიიღებენ და წინა წლის მაჩვენებელს თითქმის გააორმაგებენ. ნუშის მწარმოებლები ექსპორტისთვის ემზადებიან, სამიზნე ქვეყნებია ევროპის, გაერთიანებული სამეფოს, ასევე მეზობელი ქვეყნები, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, სადაც ნუშზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.