ტირიფონის ბაღები: სოფლის მეურნეობაში მთავარი პრობლემა კადრების დეფიციტია
შრომის ბაზარზე არსებულ კადრის დეფიციტზე ამჯერად „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელი, ზურაბ გოჯიაშვილი ამახვილებს ყურადღებას და „აგროპარტნიორთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში მთავარი პრობლემა, სექტორში კადრების დეფიციტია.
მისი თქმით, ქვეყანაში აგრონომებისა და მექანიზატორების პრობლემაა. თუმცა, როგორც „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ახალგაზრდების ინტერესი სულ უფრო იზრდება.
„ერთ ამბავს მოგიყვებით, 2017 წელს იტალიური ტრაქტორი შევიძინეთ. საკმაოდ ძვირი დაჯდა. სანამ საგარანტიო პერიოდი დაუმთავრდებოდა, ერთსა და იმავე დეტალს სამჯერ გამოვუყვანეთ წირვა, სწორედ სათანადოდ მომზადებული სპეციალისტის არყოლის და ცოდნის დეფიციტის გამო.“ -აცხადებს გოჯიაშვილი.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სექტორში ბევრი მხარდამჭერი მიმართულება გაჩნდა. სამომავლოდ კი უცხოელი სპეციალისტების შემოყვანას აპირებენ, რათა საერთაშორისო სტანდარტებს მალე დაეწიონ.
ცნობისთვის, „ტირიფონის ბაღები“ გორის რაიონში, სოფელ კვარხეთში 31 ჰა ფართობზე გაშენებულ ვაშლისა და მსხლის სუპერ ინტენსიურ ბაღებს ფლობს. მათი ძირითადი ნაწილი ვაშლია, 2.6 ჰექტარი კი მსხლის ბაღებს უჭირავს. ბაღებში, ჯამურად, ინვესტირებულია 13 მილიონი ლარი. კომპანიაში მუდმივად 10 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი მათი რიცხვი 50-მდე ადის.
კომპანიამ ბაღების გაშენება 2014 წელს დაიწყო.