სოფლის მეურნეობა
03/07/2023

"ტირიფონის ბაღები" იმპორტული ხილის ადგილობრივით ჩანაცვლებას გეგმავს

გორის რაიონში, სოფელ კვარხეთში, "ტირიფონის ბაღებში” წელს მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა გაუმჯობესებული რიცხვების  მიუხედავად, მეურნეობის დამფუძნებელი  ზურაბ გოჯიაშვილი აცხადებს, რომ შედეგით კმაყოფილი არ არის და კომპანიის სამომავლო მიზნად იმპორტის ჩანაცვლება აქვს დასახული.

როგორც „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელი, ზურაბ გოჯიაშვილი "აგროპარტნიორთან" ინტერვიუში აცხადებს,  კომპანიას ვაშლის წარმოებაში ამ ეტაპზე ძალიან პატარა წილი უჭირავს.

"შარშან სულ 1000 ტონა იყო ჩვენი წარმოება. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში  120 ათასი ტონა  ვაშლი მოვიდა.  საქართველო ვაშლის ნეტო იმპორტიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ვაშლი შემოგვაქვს ვიდრე გაგვაქვს. ამის გამო ჩვენს პროდუქციას ძირითადად მხოლოდ ქართულ ბაზარზე ვყიდით.

ერთხელ გავიტანეთ 20 ტონიანი, ერთი  კონტეინერი დუბაიში. ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ სამომავლოდ ექსპორტის პროცედურებთან, საჭირო მასალებთან, ტრანსპორტირებასთან და გასაღების ბაზრების მოთხოვნებთან დაკავშირებით პრაქტიკული გამოცდილება მიგვეღო. როდესაც ადგილობრივი წარმოება იმდენად გაიზრდება, რომ ექსპორტი იქნება გარდაუვალი და აუცილებელი, ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. 

მიგვაჩნია, რომ ჩვენი პროდუქციისათვის სამომავლოდ სარეალიზაციო საუკეთესო ბაზარი არის არაბეთის ნახევარკუნძული და ინდოეთის ოკეანის ქვეყნები.

ვფიქრობ, ამ ბაზრებამდე ჩვენი პროდუქციის მიტანას კარგად და სარფიანად მოვახერხებთ. ამის იმედს გვაძლევს ის, რომ ამას უკრაინა და მოლდოვა წარმატებით ახერხებს. ომის მიუხედავად, უკრაინიდან 2022 წლის დეკემბერში, ვაშლით დატვირთული  100 კონტეინერი გაიგზავნა დუბაიში,"-აცხადებს გოჯიაშვილი. 

„ტირიფონის ბაღები“ გორის რაიონში, სოფელ კვარხეთში  31 ჰა ფართობზე გაშენებულ ვაშლისა და მსხლის სუპერ ინტენსიურ ბაღებს ფლობს.  მათი ძირითადი ნაწილი ვაშლია, 2.6 ჰექტარი კი მსხლის ბაღებს უჭირავს. ბაღებში, ჯამურად, ინვესტირებულია 13  მილიონი ლარი. კომპანიაში მუდმივად 10  ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი მათი რიცხვი 50-მდე  ადის.

კომპანიამ ბაღების გაშენება 2014 წელს დაიწყო.

 

Businesspartner