სოფლის მეურნეობა
14/09/2023

"თბილღვინო" - "სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების შეძენა სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, რთული იქნება"

„თბილღვინოს“ გენერალური დირექტორის ზურაბ მარგველაშვილის განცხადებით, ქართველი მევენახეებისა და ფერმერებისთვის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების შეძენა სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, რთული იქნება.

როგორც ზურაბ მარგველაშვილმა "აგროპარტნიორთან" საუბრისას განმარტა, სისტემების მონტაჟი ძვირი სიამოვნებაა.

„აქამდე ჩვენ ფინანსურად თავს უფლებას ნამდვილად ვერ ვაძლევდით, რომ ინვესტიცია სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებში განგვეხორციელებინა. თუმცა მეორეს მხრივ, იმ ხარისხის ყურძენი რომ იყიდო, როგორიც  თავად მოგვყავს ჩვენს ვენახებში,  საკმაოდ რთულია. რადგან ჩვენ ძალიან მაღალი ხარისხის დამხმარე საშუალებებით ვუვლით ყურძენს. ამასთან, საკმაოდ მაღალფასიანია ეს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები და  თუ მომავალში რაიმე დამატებითი კომპონენტი იქნებოდა, რომელიც წაახალისებს მათ შეძენას,  ამ შემთხვევაში შეიძლებოდა განგვეხილა. დღეის მდგომარეობით,  საკმაოდ ძვირადღირებულია.“-აღნიშნა ზურაბ მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ,“თბილღვინო” ქართული ღვინის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციაც ექსპორტზე მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის. 

“თბილღვინოს” ისტორია გასული საუკუნის 60-იან წლებში იწყება. 1962 წელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. დაარსებიდან დღემდე, "თბილღვინომ" უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ლონდონის საერთაშორისო კონკურსებზე: Decanter World Wine Awards, International Wine Challenge და International Wine & Spirit Competition.

agropartner.ge