სოფლის მეურნეობა
13/09/2021

სოფლად მეწარმეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის კონკურსი გამოცხადდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად „სოფლად მეწარმეობის განვითარების" პროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის კონკურსი გამოცხადა.

„პროგრამა, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია CENN-ის დახმარებით განვახორციელებთ, მიზნად ისახავს აგრარული მიმართულებით სტუდენტების ჩართულობას და გააქტიურებას. მათი მოსაზრებების მიღებას, რათა გამოვავლინოთ საუკეთესოები ტყის არამერქნული რესურსების კომერციულ დანიშნულებად გადაქცევაში. პროგრამა თავისი არსით გულისხმობს ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტების ჩართულობას, მათ მიერ ტყის არამერქნული რესურსის კომერციული გამოყენების ბიზნეს-პროექტების დამუშავებას, ტრენინგებს, წარმატებულ ბიზნესმენებთან შეხვედრებს. პროგრამის ბოლოს უკვე წარმოდგენილი ბიზნესგეგმებიდან შეირჩევა სამი საინტერესო ბიზნეს გეგმა, რომელთა დაჯილდოებაც მოხდება. მადლობა ჩვენს მეგობრებს, როგორც ნიდერლანდების საელჩოს, მის წარმომადგენლებს, ასევე ორგანიზაცია CENN-ს", - განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ლუს ლამერტსის შეფასებით, პროგრამა დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდებს, რომ ჩართული იყვნენ სატყეო რესურსების კომერციული გამოყენების საკითხებში.

„მე ამას აღვიქვამ როგორც მწვანე ეკონომიკის ნაწილს, როგორც კლიმატთან მეგობრული მიდგომის და ურთიერთობის ერთ-ერთ ნაწილს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თვალსაზრისით გარკვეული უნარები განუვითარდეს ახალგაზრდობას. ამა სჭირდება ინოვაციური მიდგომები და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა, იქნება ეს სამთავრობო, არასამთავრობო თუ სხვა ორგანიზაციები. ყოველთვის ვამბობთ, რომ გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს საზღვრები არა აქვს და მოხარული ვართ, რომ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს შესაძლებლობა აქვს ამ საკითხზე იმუშაოს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე პარლამენტის კომიტეტთან", - განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მათ შორის, გაეცნონ ტყის არამერქნული რესურსების გამოყენების საოჯახო, კერძო, სათემო, მუნიციპალური, რეგიონული ან ეროვნული მოდელების შექმნასა და პილოტირებას, მდგრადი განვითარების მიზნებსა და სოფლის განვითარების სტრატეგიული ამოცანებს; დაესწრონ ტრენინგს სოფლად მეწარმეობის განვითარების შესახებ; მოიძიონ ბენეფიციარები და მათთან ერთად შეიმუშაონ ბიზნეს გეგმის კონცეფციები მათთვის ყველაზე საინტერესო იდეებისათვის, რომელიც მორგებული იქნება მიმდინარე სტარტაპ პროგრამებსა და გრანტებზე; ითანამშრომლონ სახელმწიფო და საერთაშორისო განვითარების პროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სხვა.

აპლიკაციის წარდგენის ვადა 2021 წლის 1 ოქტომბრამდე არის განსაზღვრული. საუკეთესო 10 აპლიკაციის ავტორი მონაწილეობას მიიღებს ტრენინგებისა და ვორკშოპების ციკლში, შეიმუშავებენ და 2021 წლის 1 დეკემბრამდე საკონკურსოდ წარადგენენ ტყის არამერქნული პროდუქტებით კომერციული სარგებლობის კონცეფციებს ბიზნეს-გეგმებისათვის. საბოლოოდ 3 საუკეთესო კონცეფციის ავტორი „სოფლად მეწარმეობის განვითარების" პროგრამის პრემიებით და პრიზებით დაჯილდოვდება.