სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადი 13-მა კოოპერატივმა შეიტანა
ბოლო მონაცემებით, კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში ტექნიკის თანადაფინანსებაზე განაცხადი 13-მა კოოპერატივმა შეიტანა. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, 3 მათგანის მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილებულია. განაცხადების ნაწილი დახარვეზდა, ხოლო ნაწილის განხილვის პროცესი ამ დროისთვის მიმდინარეობს.
„პროცესი აქტიურია და ველოდებით კოოპერატივებისგან ახალ განაცხდებს. დღეის მდგომარეობით, მოთხოვნილია 826 000 ლარზე მეტის ღირებულების ტექნიკის თანადაფინანსება. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 1, 6 მლნ ლარია. როგორც იცით, პროგრამის პირობების მიხედვით, ჩვენ ტექნიკის არსებული ღირებულების 50%-ს ვაფინანსებთ. პროგრამის პირობების შესაბამისად, მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შეუძლია მასში მონაწილეობა. თანადაფინანსების მოცულობა ერთ კოოპერატივზე არაუმეტეს 100 ათასი ლარია.“-აღნიშნა გიორგი ჯიბლაძემ.
მისივე განცხადებით, კოოპერატივების მიერ მოთხოვნილი ტექნიკის ნაირსახეობები მრავალფეროვანია და რეგიონის რელიეფისა და კლიმატური პირობების შესაბამისად, განსხვავებულია.
„კოოპერატივების მიერ მოთხოვნილია როგორც გამწევი ტექნიკა, ისე იმპლემენტები, მისაბმელები. სათესი, გუთანი, შესაწამლი ტექნიკა და სხვა. ნაირსახეობა ფართოა. კოოპერატივები კლიმატური და რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ირჩევენ მათთვის საჭირო ტექნიკას. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაფინანსებთ ყველას, თუ ეს იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და განაცხადები სრულ შესაბამისობაში იქნება პროგრამის პირობებთან.“-აღნშნა გიორგი ჯიბლაძემ.
მისივე განმარტებით, კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამასთან დაკავშირებით ინტერესი მაღალია. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ მსგავსი ტიპის პროგრამა კოოპერატივებისთვის ახალია, მათი მხრიდან საჭირო დოკუმენტაციის მოგროვებას დრო სჭრდება.
„ჩვენი მხრიდან არის შეზღუდვა, ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში მხოლოდ სამი კოოპერატივის დაფინანსება შეიძლება მოხდეს. ამ ჩამკეტი მექანიზმის მიზანი კია არის ის, რომ სხვადასხვა რეგიონებს უნდა მიეცეთ ამ პროგრამის პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მხოლოდ ერთ რეგიონში არ კონცენტრირდეს.“-განმარტა გიორგი ჯიბლაძემ.
მისივე ინფორმაციით, კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროექტი, პროგრამის ბიუჯეტის ამოწურვამდე გაგრძელდება.
„ამ პროგრამის ბიუჯეტი არის 10 მლნ ლარი. ველით, რომ უახლოეს მომავალში ბენეფიციარებს რაოდენობა რამდენიმეჯერ გაიზრდება. ამ ეტაპზე არსებული ბიუჯეტის მხოლოდ 1/12-დია ამოწურული.“-აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ.
ცნობისთვის, კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა 6 მარტს დაიწყო.