"სამაცივრე მეურნეობების ნაკლებობა ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა"
მაღალი გადასახადები, ნერგის ხარისხი, არაჯანსაღი კონკურენცია იმპორტირებულ პროდუქციასთან, გადამამუშავებლების და სამაცივრე ინფრასტრუქტურის ნაკლებობა - ეს იმ გამოწვევების მცირე ჩამონათვალია, რომელზე ყურადღებასაც კენკროვანი კულტურების ქართველი მწარმოებლები ამახვილებენ.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი კაპიტალის“ ასოცირებულმა მკვლევარმა ია კაციამ განუცხადა, სამაცივრე მეურნეობების სიმცირე მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს ფერმერებისთვის, რადგან მისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
„არსებობს სამაცივრე მეურნეობები რომლებიც გაციება-გაყინვის სერვისს სთავაზობს ფერმერებს, თუმცა მაღალი ფასის გამო ფერმერები ვერც ამ სერვისის გამოყენებას ახერხებენ. შესაბამისად, პატარა ფერმერები მოსავლის აღებისთანავე ყიდიან მას, პროდუქციის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად. მწარმოებლები ამბობენ იმასაც, რომ მათთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა კონკურენცია იმპორტირებულ კეკრასთანაც, რომელიც დაბალი ფასით შემოდის. გამოწვევას წარმოადგენს ხარისხიანი ნერგების მოპოვებაც. ძალიან რთულია ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიანი ნერგების მოპოვება. ასევე, დაბრკოლებას წარმოადგენს მაღალი კომუნალური გადასახადებიც“, - აღნიშნა ია კაციამ.
მისივე ინფორმაციით, დარგისთვის გამოწვევას წარმოადგენს ერთ ბაზარზე დამოკიდებულებაც.
„საქართველოდან 2022 წელს, დაახლოებით, 9 მლნ დოლარის ღირებულების, 1 500 ტონაზე მეტი კენკრა გავიდა ექსპორტზე. კენკროვანი კულტურების ექსპორტი 10 ქვეყანაში განხორციელდა, თუმცა, მთავარი სარეალიზაციო ბაზარი რუსეთი იყო. მიზეზი წარმოებული კენკრის ხარისხია, რომელსაც ბაზარზე არსებული გამოწვევების გამო, ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილება უჭირს“, - განმარტა ია კაციამ.
მიუხედავად ამ დაბრკოლებებისა, „თიბისი კაპიტალის“ უფროსი ასოცირებული მკვლევარი ამობობს, რომ საქართველოს აქვს რესურსი გაზრდოს კენკროვანი კულტურების წარმოება და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაც მოახდინოს.
„მრავალფეროვანი კლიმატისა და ნაყოფიერი ნიადაგის გამო, საქართველოს ხელსაყრელი პირობები აქვს კენკრის სხვადასხვა სახეობის მოსაყვანად. აქედან გამომდინარე, თუ საწყის ეტაპზე, ქვეყანაში კენკრა მხოლოდ საკუთარი მომხმარებისთვის, ისიც მცირე რაოდენობით იწარმოებოდა, ბოლო წლებში ქართველ ფერმერებში კენკროვანი კულტურების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. მზარდია პლანტაციების ფართობიც, განსაკუთრებით მოცვის მიმართულებით“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ია კაციამ.
მისივე განმარტებით, კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა მზარდია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
ცნობისთვის, 2022 წელს ექსპორტზე გასული კენკრის რაოდენობა და ღირებულება, 2021 წელთან შედარებით 46%-ით გაიზარდა. ექსპორტირებული კენკრის მთლიანი რაოდენობის თითქმის 86%-ს მოცვის ექსპორტი წარმოადგენს.