სოფლის მეურნეობა
27/06/2023

საქართველოში წარმოებული ხის სოკო ექსპორტზე გავა

საქართველოში წარმოებული ხის სოკო ექსპორტზე გავა. საწყის ეტაპზე, ქართული პროდუქტი მეზობელ და გალფის ქვეყნებში გაიყიდება.

როგორც „ბიზნესპრტნიორს“ ხის სოკოს მწარმოებელი აგროჰოლდინგი „ჰარვიტას“ წარმომადგენელმა გიორგი გოგბაიძემ განუცხადა, დუბაიში სატესტო პარტია უკვე გაიგზავნა.

„ბოლო წლებში, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში ხის სოკოზე მოთხოვნა რეკორდულად იზრდება. თუ პირობითად, 5-6 წლის წინ, ქამა სოკო წამყვან პროდუქტად მიიჩნეოდა, წელს სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია და თითქმის, გათანაბრდა მოთხოვნა.

დღეისათვის, სოკო კლასიკური საექსპორტო პროდუქტია. უცხოელებს ქართული ხის სოკო გემოვნური თვისებებით, ევროპული სტანდარტებითა და მისაღები ფასით იზიდავთ, ამიტომ, წელს აუცილებლად ვიხილავთ „ჰარვიტას“ მიერ წარმოებული ხის სოკოს ექსპორტს დუბაიში და შემდეგ უკვე, სხვა ქვეყნებში“, - განმარტა გოგბაიძემ.

საექსპორტო ბაზრების ათვისების გარდა, „ჰარვიტას“ წარმომადგენელი ადგილობრივ ბაზარზე არსებულ გაზრდილ მოთხოვნაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქართველი მომხმარებელის მხრიდან, ქართულ სოკოზე მოთხოვნა, ბოლო 1 წელში, გასამმაგებულია.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში უცხოური წარმოების ხის სოკო თითქმის აღარ შემოდის.

„ადგილობრივ ბაზარზე იმპორტი უკვე 100 პროცენტით ჩავანაცვლეთ და საქართველოში ახლა უკვე მხოლოდ ქართული ხის სოკო იყიდება“, - აღნიშნა გიორგი გოგბაიძემ.

ცნობისთვის, სოკოს მწარმოებელ აგროჰოლდინგში "ჰარვიტა", რომელიც  გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს, თანამედროვე დანადგარებით  და მინიმალური ადამიანური რესურსით, წლიურად 400 ტონა ევროპული ხარისხის ხის სოკოს აწარმოებენ.

მსოფლიოში ხის სოკოზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ქვეყანაში მცირე საოჯახო მეურნეობებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ხის სოკოს საოჯახო პირობებში აწარმოებენ.