სოფლის მეურნეობა
24/05/2021

საქართველოში წარმოებულ ლურჯ მოცვზე მაღალი მოთხოვნაა - მწარმოებელთა მოლოდინები

საქართველოში წარმოებულ მოცვზე მოთხოვნა მაღალია. წელს, ფერმერები 1000 ტონა მოცვის მოსავალს ელიან.

კრეფის აქტიური ფაზა, ტრადიციულისგან განსხვავებით, 10-12 დღეში დაიწყება. მიზეზი გაზაფხულზე ცივი კლიმატური პირობებია, თუმცა მიუხედავად ამისა, ქართული მოცვი ბაზარზე თავისი ნიშის შენარჩუნებას შეძლებს.

„გასული წლის მსგავსად, მთავარი საექსპორტო ბაზარი წელსაც რუსეთი იქნება, რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე. მაგალითად, შესყიდვა ხდება უშუალოდ ბაღიდან, დაფასოება არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულ სტანდარტს და ანაზღაურებაც ხდება შესყიდვის მომენტისთანავე“, - განმარტა საქართველოს მოცვის მწარმოებელთა საბჭოს პრეზიდენტმა ეკატერინე ვეფხვაძემ.

დასაწყისში  1 კგ. მოცვის ფასი 6-6.5 აშშ დოლარი იქნება, პროგნოზით, სეზონის დასრულებამდე საშუალო სარეალიზაციო ფასი 4 დოლარის ფარგლებში იქნება. გასულ წელს დაახლოებით საშუალოდ, 3 დოლარი იყო.

მოცვის მწარმოებლები ექსპორტის განახლებას ელიან ე. წ გალფის ქვეყნებშიც, რაც პანდემიის დროს შეწყვეტილი ავიამიმოსვლის გამო, გასულ წელს შეჩერებული იყო.

„ჩვენ მოცვის მსხვილი მწარმოებლები ახლა ვნერგავთ ხარისხის სერტიფიკატს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გადის დღეს ქართული მოცვი ევროკავშირის ბაზარზე, მცადრი აზრია რომ ხარისხს ვერ ვაკმაყოფილებთ, ქართული მოცვი არ ჩამორჩება ხარისხით რომელიმე სხვა ქვეყანაში წარმოებულს. საუბარია იმაზე, რომ საჭიროა ე.წ GLOBAL G.A.P -ის სერტიფიკატის დანერგვაზე, რაც სხვა პროცედურებთან ერთად, მოიცავს ინფრასტრუქტურის არსებობას უშუალოდ ბაღში. როდესაც მწარმოებელს აქვს მცირე ბაღი, რთულია ხარჯები გაწიოს ამ ინფრასტრუქტურაზე. მსხვილი მწარმოებლები ნაკლები პრობლემაა. ჩვენც ვნერგავთ და სხვა მწარმოებლებიც“, - განაცხადა ეკა ვეფხვაძემ.