სოფლის მეურნეობა
04/08/2020

საქართველოში მაყვლის განსაკუთრებული ჯიშის სათბური გაკეთდება

პირველად საქართველოში მაყვლის განსაკუთრებული ჯიშის სათბური გაკეთდება.

როგორც კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ იზოლდა ქიტესაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, პროექტის საწყისი საინვესტიციო კაპიტალი 35 000 ლარია, აქედან 25 000 საქართველოს ფერმერთა ასოციაციის  თანადაფინანსებაა.

„ბოლო წლების განმავლობაში, აღმოვაჩინეთ მაყვლის ახალი ჯიში, რომელიც მუდმივად ისხამს ნაყოფს და საადრეოა. ეს საშუალებას მოგვცემს, მთელი წლის განმავლობაში მივაწოდოთ ბაზარს ჩვენი პროდუქტი. წელს 200 კილომდე მაყვალი ვაწარმოეთ და მოვახდინეთ რეალიზება, კილოგრამის საბითუმო ფასი 15 ლარი იყო.  საქართველოში პირველად, ფერმერთა ასოციაციის დახმარებით, ნინო ქიტესაშვილი გააშენებს ამ ჯიშის მაყვლის სათბურს და იმედი გვაქვს მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება,“ – ამბობს იზოლდა ქიტესაშვილი.

სათბური 400 კვ. მეტრ ფართზე გაშენდება. დასაწყისისთვის 400 ძირი პრაიმ არკ ფრიდომის ჯიშის მაყვალი დაირგვება. თითო ძირზე ფერმერი 5-6 კგ მოსავლის მიღებას ვარაუდობს.

იზოლდა ქიტესაშვილის თქმით, მაყვალზე მოთხოვნა დიდია, თუმცა წელს მოსავლის 90% წვიმამ გაჟღინთა და დაარბილა, ასეთი შემთხვევა ბოლო 7 წელია არ ყოფილა.

„თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლება, დამუშავების პროცესის გაუმჯობესება, შენახვა-ლოჯისტიკა, ყველაფერი გავლენას ახდენს მოსავალზე, და მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ამის გარეშე ექსპორტზე გასვლა შუძლებელია. სახელმწიფომ, სამაცივრე მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ერთ სოფელში დაახლოებით 20 მაცივარი გაშენდა, რამაც ხელი შეუწყო პროდუქტის არნახულ ფასში გაყიდვას,“ – ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე.

კენკრის მწარმოებელთა ასოციაციაში დაახლოებით 120 ფერმერია გაწევრიანებული აქედან სახელმწიფო დახმარებით თითქმის 90%-ზე მეტი სარგებლობს.  ბაღები გაშენებულია 100 ჰექტრამდე ტერიტორიზე, სადაც მაყვალი, მარწყვი, ჟოლო და მოცვი მოჰყავთ.