სოფლის მეურნეობა
26/07/2023

საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა.

სტუმრებს შორის იყვნენ ღვინის იმპორტიორები და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“ წარმომადგენლები. ტურის მიზანი აშშ-ის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობა იყო.

პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს  კახეთსა და ქართლში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ისტორიას და ტრადიციებს გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.

ტურის ფარგლებში, თბილისში, სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის მასტერკლასი, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოები.

პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და, შესაბამისად,  ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა ამერიკელი პროფესიონალების წინაშე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულმა მარკეტინგულმა  ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა. 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 434 ათასი ლიტრი ღვინო, ზრდა, გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 5%-ია. ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება.

Businesspartner