საქართველომ JICA-სგან აგროლაბორატორიული ინვენტარით აღჭურვილი ავტომანქანები მიიღო
საქართველოს სოფლის განვითარების სააგენტომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსგან (JICA) თანამედროვე ლაბორატორიული ინვენტარით აღჭურვილი ავტომანქანები მიიღო.
JICA-ს საქართველოს ოფისის მუდმივი წარმომადგენელი ჰიროიუკი მორი იმედოვნებს, რომ ავტომანქანები ხელს შეუწყობს წარმოების ხარისხის ზრდას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.
როგორც ავტომობილების გადაცემისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, სამინისტროსთვის პრიორიტეტულია აგრარულ სფეროში დასაქმებული მოსახლეობისა და ფერმერების სასოფლო-სამეურნეო საექსტენციო მომსახურება, მათ საჭიროებებზე დროული რეაგირება, დარგობრივი ცოდნის გაზიარება და ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ JICA-ს ფინანსური მხარდაჭერით ქვეყანაში ხორციელდება გაცვლითი სასწავლო პროგრამები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები.
იაპონიის ელჩის იმამურა აკირას თქმით, ქართულ აგროსასურსათო პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე დიდი პოტენციალი აქვს.
„იაპონია მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის ზრდას, რაც მნიშვნელოვანი იქნება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ისე ქართველი ფერმერთათვის პროდუქტის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის კუთხით“, - განაცხადა იმამურა აკირამ.
იაპონიის ელჩმა აღნიშნა, რომ დღეს, მსოფლიოში, კლიმატის ცვლილებებთან გამკლავება პრიორიტეტული მიმართულებაა და სათბური აირების ემისიებით ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.