საქართველო სათესლე მასალებისა და ნერგების ხარისხს ზრდის - ჯიღაურას სქრინჰაუსის პერსპექტივები
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე, FAO-სა და ევროკავშირის დახმარებით აშენებულ იზოლატორ-დეპოზიტორებში (ე.წ. screen house) ხეხილისა და ვაზის უნიკალური, ენდემური ჯიშები გამრავლდება. ეს ერთი მხრივ, გაზრდის ბაზარზე ხარისხიან და სერტიფიცირებულ ნერგებზე ხელმისაწვდომობას და შეამცირებს უცხოეთიდან მათ იმპორტს, მეორე მხრივ კი ინვესტორებისთვის სოფლის მეურნეობის ამ მიმართულებას უფრო სანდოს და მიმზიდველს გახდის.
"სარგავი და გასამრავლებელი მასალა კლასიფიცირდება კატეგორიებით წინასაბაზისო, საბაზისო, სერტიფიცირებული და ჩვეულებრივი („სერტიფიცირებული“ ამ შემთხვევაში აღნიშნავს მხოლოდ კატეგორიას და არა მასზე ჩატარებულ შესაბამისობის შეფასებას და გაცემულ სერტიფიკატს). ნერგისა და გასამრავლებელი მასალის მიმართ მოთხოვნილი მახასიათებლები შესაძლებელია ორ ძირითად ჯგუფში გაერთიანდეს: პირველი, ნერგი უნდა იყოს ჯანსაღი და მეორე - ჯიშურად ის უნდა იყოს წმინდა. მოწყობილი screen house-ები იძლევა მცენარის გასამრავლებელი მასალის მიმართ ამ მოთხოვნების შესრულების საშუალებას. იზოლირებულ გარემოში გამრავლდება ვაზისა და ხეხილის უვირუსო, ჯიშურად იდენტიფიცირებული წინასაბაზისო ნარგაობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა საბაზისო სადედე მასალის მიღება. საბაზისო კატეგორიის სადედე მასალით, მყნობის ტექნოლოგიის გამოყენებით მიღებული ნერგი გადავა ღია გრუნტში, სერტიფიცირებული სადედე ნარგაობის მისაღებად. გამრავლების ყოველ ახალ ეტაპზე ნერგს კატეგორია აკლდება - უმცირდება. სადედე ბაღიდან შემდეგ ეტაპზე კვლავ ხდება კვირტის აჭრა, დამყნობა და მიიღება ჩვეულებრივი კატეგორიის ნერგი, რომლებიც უფრო ხშირად გამოიყენება სამრეწველო ბაღების მოსაწყობად,“ - საუბრობს „ბიზნესპარტნიორთან“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნოდარ ხატიაშვილი.
იზოლატორში მიღებული მცენარის გასამრავლებელი მასალა გამიზნულია სანერგე მეურნეობებისთვის, რომლებიც შეძლებენ აწარმოონ ხარისხიანი ნერგი, რაც ჯანსაღი და ნაყოფიერი ბაღების გაშენების, მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღების, შესაბამისად სოფლის მეურნეობის წარმოების გაუმჯობესების ერთ-ერთ ძირითადი წინაპირობაა.
საქართველოში, უძველესი დროიდან, ნერგის წარმოების საკმაო გამოცდილება დაგროვდა, თუმცა რაც აკლდა ამ სფეროს იყო სანდო და აღიარებული შესაბამისობის შეფასების, ანუ სერტიფიცირების სისტემა.
სპეციალისტების აზრით, screen house-ების მოწყობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სარგავი მასალის მიღების და სანდო და აღიარებული სერტიფიცირების სისტემის შექმნისკენ გადაგმული მნიშნელოვანი ნაბიჯია. მომხმარებელს უნდა შეეძლოს ბაზარზე იპოვოს ხარისხიანი პროდუქტი და მისი შეფასება შესაძლებელი იყოს ქვეყანაში არსებული აღიარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის საშუალებით.
„დღეს ადგილობრივად წარმოებულ, თუნდაც ხშირად ხარისხიან პროდუქტს, მომხმარებლის მხრიდან ნდობა არ გააჩნია. შესაბამისობის შეფასების სანდო სისტემის ამოქმედება საშუალებას მოგვცემს მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი, ამ შემთხვევაში ხილის მწარმოებელმა ფერმერებმა ხარისხიანი ნერგი ბაღების გასაშენებლად. საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიების და შესაბამისობის შეფასების სისტემები, რომლებიც ღირებულების დაგროვების ჯაჭვის ყველა ეტაპზე, მეწარმეს მისცემს საშუალებას სანდოდ შეაფასოს მისი პროდუქტი, მიიღოს შესამამისი ნიშანდება (სერტიფიკატი) და თავისუფლად შეძლოს გარე ბაზრებზე წვდომა, როგორც ექსპორტის შესაძლებლობის, ასევე ინვესტორების მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველია,“ - აცხადებს ნოდარ ხატიაშვილი.
სერტიფიცირება არის პროცედურა, რომლითაც ფასდება შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტში გაწერილ მოთხოვნებთან ამა თუ იმ პროდუქტის, მათ შორის გასამრავლებელი მასალის, ნერგის, სათესლე მასალის შესაბამისობა. ამ პროცედურით ხარისხის დადასტურება ზრდის პროდუქტის კონკურენტუნარიანობას, რაც პირდაპირ დადებითად მოქმედებს ფერმერის შემოსავალზე.
2019 წელს ქვეყანაში სავალდებულო გახდა ხორბლის და ქერის სათესლე მასალის სერტიფიცირება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიხედვით, 2024 წლიდან, ამ ჩამონათავლს პრიორიტეტული ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები დაემატება, რომელთა გასამრავლებელი მასალა დაექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას.