საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2"-თან განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საქართველომ ეს სტატუსი ერთი წლის ვადით, როტაციის პრინციპით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე გადმოიბარა და უფლებამოსილებას 1 მაისიდან განახორციელებს.
ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფში შემავალი ქვეყნები აქტიურად მუშაობენ შესაძლო ბარიერებზე, რომელიც შეიძლება ღვინით ვაჭრობის პროცესში შეხვდეთ. მაგალითად, ღვინის მეთოდოლოგიის აღიარება, ასევე ეტიკეტირების წესებისა და ლაბორატორიული ანალიზების ურთიერთაღიარება. ეს ყველაფერი კი იმაში აისახება, რომ როდესაც ქვეყნიდან ღვინო ექსპორტზე გავა, ამ ჯგუფის პრონციპებიდან გამომდინარე მას საზღვარზე დამატებით ბარიერები აღარ შეექმნება.
„ჩვენ უკვე დაახლოებით მილიონ ლიტრზე მეტს ვაგზავნით ყოველწლიურად აშშ-ს ბაზარზე, რაც თანხაში დაახლოებით 5 მილიონი დოლარია. ანუ, გარკვეულწილად სტაბილური ზრდა გვაქვს რამდენიმე წლის განმავლობაში და 10 ათასი ბოთლიდან უკვე მილიონზე ავედით,"-აღნიშნავს მეხუზლა.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე აცხადებს, მათი მიზანია ღვინის ექსპორტის 10%-იანი ზრდის შენარჩუნება , რასაც ღვინით ვაჭრობის ჯგუფი ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს. ქვეყნისთვის თავჯდომარის სტატუსის მინიჭება კი იმის აღიარებაა, რომ საქართველო არის ღვინის ქვეყანა და სერიოზული მოთამაშე გლობალურ ბაზარზე.
ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს ამერიკის ბაზართან, თუმცა სტრატეგიული მუშაობა მიმდინარეობს ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე კანადასთან, დიდ ბრიტანეთთან. ასევე, ევროკავშირის ქვეყნებთან, მათ შორის, გერმანიასთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან. უწყებას კომუნიკაცია აქვს შორეულ აღმოსავლეთთან, ჩინეთთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან.
შეგახსენებთ, საქართველოსთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქვეყანა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფს თავმჯდომარეობს. ამის გამოცდილება საქართველომ პირველად 2014 წელს მიიღო. რაც შეეხება ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფს, ეს არის ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანება. მისი წევრები საქართველოსთან ერთად, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი არიან.