როგორ იქმნება ინოვაციური სათესლე მასალები? - ინტერვიუ Saatbau-ს წარმომადგენელთან
მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი სათესლე მასალების სწორად შერჩევაა. გარდა იმისა, რომ ის მორგებული უნდა იყოს კონკრეტულ კლიმატურ პირობებს, უნდა ჰქონდეს ისეთი მახასიათებლებიც, რომლებიც უზრუნველყოფს ნაყოფის ჯანსაღ განვითარებას. ავსტრიული კომპანია Saatbau 73 წელია სწორედ ამგვარი სათესლე მასალების შექმნასა და საუკეთესო ჯიშების წარმოებაზე მუშაობს. მისი პროდუქცია დიდი სანდოობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. უკანასკნელ წლებში მან საკმაო პოპულარობა მოიპოვა საქართველოშიც, მას შემდეგ, რაც Saatbau-მ ქართულ კომპანია „აგროსფეროსთან“ ერთად ქვეყნის კლიმატურ პირობებზე მორგებული ხორბლისა და ქერის სათესლე მასალების წარმოება საქართველოში დაიწყო.
როგორ იქმნება ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და რა უპირატესობები გააჩნია მას? – ამ და სხვა საკითხებზე Saatbau-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელს, ტანია ჰუბნერს ვესაუბრეთ.
პირველ რიგში, გთხოვთ, მოკლედ მოგვიყევით Saatbau-ს ისტორია?
Saatbau 1950 წელს ავსტრიაში შეიქმნა. ამ პერიოდში ბაზარზე ხარისხიანი სათესლე მასალების დიდი დეფიციტი იყო. სწორედ ამან გადააწყვეტინა 5 ავსტრიელ ფერმერს კოოპერატივის შექმნა და სათესლე მასალების წარმოების დაწყება. დღეს ის ინტერნაციონალურ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 16 შვილობილ კომპანიას აერთიანებს და ფლობს წილებს როგორც ავსტრიულ, ისე უცხოურ დაწესებულებებში.
შექმნის დღიდან Saatbau-მ მიზნად დაისახა ავსტრია აღარ ყოფილიყო დამოკიდებული სათესლე მასალების უცხოურ ბაზარზე და ქვეყნისთვის სამყოფი პროდუქცია თავად შეექმნა. მართლაც, მან შეძლო ეწარმოებინა უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალები და მოეხდინა მისით არა მხოლოდ ავსტრიის მომარაგება, არამედ მსოფლიოს 35 ქვეყანაში გატანა.
როგორ ინარჩუნებს Saatbau მოწინავე პოზიციებს საერთაშორისო ბაზარზე?
Saatbau-ს გააჩნია დიდი ექსპერტული ცოდნა არა მხოლოდ პროდუქტების წარმოების, არამედ პროცესების მართვის კუთხითაც. ამასთან ერთად, კომპანია სწრაფად ადაპტირდება ბაზრის ცვალებად მოთხოვნებსა და საჭიროებებზე და მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ.
Saatbau-ს მიზანია მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს თავის ფერმერებსა და მომხმარებლებს, რაც მათ კარგად იციან და რის გამოც დიდ ნდობას გვიცხადებენ. რაც მთავარია, ჩვენი წარმოება ხარისხის მკაცრ კონტროლს გადის და არის სრულიად გამჭვირვალე. ალბათ, სწორედ ამ ფაქტორების დამსახურებით არ კარგავს Saatbau მოწინავე პოზიციებს აგროსექტორში.
როგორ იქნება ინოვაციური სათესლე მასალები Saatbau-ში?
პირველ რიგში, აუცილებელია შეირჩეს შესაბამისი ჯიშები, იგივე მშობელი მცენარეები, რომლებიც შემდეგ შეჯვარდება ისე, რომ ერთ ჰიბრიდში გაერთიანდეს მათი საუკეთესო მახასიათებლები. ამისათვის Saatbau-ს სელექციონერები სხვადასხვა მასალებს იკვლევენ და ტესტავენ ჯერ კომპიუტერულად, შემდეგ კი მინდვრებში.
ყოველწლიურად ჩვენ ასი ათასობით ვარიაციას ვცდით ევროპისა და სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ლოკაციაზე და ვცდილობთ სასურველ კომბინაციებს მივაგნოთ. საუკეთესო ჰიბრიდები შემდეგ დაახლოებით 3 წლის განმავლობაში იტესტება სხვადასხვა გარემოში. საერთო ჯამში, ერთი ჰიბრიდის შექმნას – პირველადი შეჯვარებიდან საბოლოო პროდუქტამდე – 7-10 წელი სჭირდება. პარალელურად, Saatbau უწყვეტად აგრძელებს უკვე არსებული მასალების განვითარებასა და მათი მახასიათებლების გაუმჯობესებას.
აღსანიშნავია, რომ Saatbau ქმნის პროდუქტებს პარტნიორებთან ერთადაც. მაგალითად, საქართველოში ჩვენს ოფიციალურ წარმომადგენელ „აგროსფეროსთან“ ერთად ვაწარმოებთ ისეთ ჯიშებს, რომლებიც საუკეთესოდ ერგება ქვეყნის კლიმატურ პირობებსა და ეფექტიანად უმკლავდება ადგილობრივ გამოწვევებს.
რამდენად წარმატებულად მიგაჩნიათ თქვენი თანამშრომლობა „აგროსფეროსთან“?
მარცვლეულის სათესლე მასალების პირველი ტესტირება საქართველოში, „აგროსფეროსთან“ ერთად, ზუსტად 10 წლის წინ დავიწყეთ. იმ პერიოდში ბევრი ფერმერი ვერ იგებდა რატომ ერქვა სხვადასხვა სათესლე მასალას განსხვავებული სახელები, რადგან მათთვის მხოლოდ ერთი თესლი არსებობდა. დღეს „აგროსფეროს“ მომხმარებლებმა კარგად იციან განსხვავებები ჯიშებს შორის, თითოეული ვარიაციის მახასიათებლები და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევანი გააკეთო იმ მასალაზე, რომელიც შენს მიზნებთან და მოთხოვნებთან მოდის თანხვედრაში. ეს ცვლილება, ვფიქრობ, სწორედ „აგროსფეროს“ მუშაობის შედეგია.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლების წინ საქართველოში არ არსებობდა მასალების სერტიფიცირებისა და მათი ბაზარზე გატანისთვის საჭირო მკაფიოდ გაწერილი პროცედურები. დღეს კი ეს პროცესიც დაიძრა, რაშიც დიდი როლი ითამაშა „აგროსფერომ“. ამგვარი შედეგები გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია გააუმჯობესო გარემო თუ ხარ აქტიური და ხმამაღლა საუბრობ შენს იდეებზე.