სოფლის მეურნეობა
01/07/2021

რას ითვალისწინებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის 10 წლიანი გეგმა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიანი ხედვა წარადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გარემოს დაცვის პრიორიტეტულობასა და ამბიციურ გეგმებზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა ასევე ისაუბრა პანდემიის გამოწვევებზე, თუმცა ამავდროულად მიღწეულ შედეგებზე.

ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა კონკრეტულ მიმართულებებზე, რომელიც ქვეყნისთვის პრიორიტეტულია: სასურსათო უსაფრთხოების მიზნით თვითუზრუნველყოფის ამაღლება; აგროსასურსათო სექტორის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენება; გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფა.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში იმპორტზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს, სოფლის მეურნეობა კი, ნეტო ექსპორტიორი გახდეს. ინვესტიციების გაორმაგების შემთხვევაში საქართველოში აგროსასურსათო სექტორიდან 3 მილიარდი შემოსავლის მიღებაა მოსალოდნელი. მთავრობა მომდევნო წლებში ბიზნესთან ერთად აგროსექტორში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს. 

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა იყოს აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი და ისეთი ფორმით მიწოდებული ბაზარზე, რომელსაც თანამედროვე სტანდარტები და თანამედროვე მოთხოვნები ითვალისწინებს. 

სოფლის მეურნეობის განვითარების  გრძელვადიანი გეგმით, გათვალისწინებულია შემნახველი და გადამმუშავებელი მეურნეობების მეტი მხარდაჭერა; უახლოესი 10 წლის განმავლობაში, დარგში 1,7 მილიარდი ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი, საიდანაც სახელმწიფოს წილი 700 მილიონზე მეტია. შედეგად, მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში კიდევ მეტად გაიზრდება ადგილობრივი წარმოება.

გარემოს ეროვნული სააგენტო განახორციელებს თევზის რესურსების ინვენტარიზაციას, პერსპექტიული თევზის სახეობების და წყლის ეკოსისტემების ფონდის განსაზღვრას, თევზის რესურსების მდგომარეობის ეკოლოგიურ და ეკონომიკურ შეფასებას, რაც, ლევან დავითაშვილის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს საზღვაო მარიკულტურის პოტენციალის ამაღლებას, წარმოების მოცულობის გაზრდას და ზღვის პროდუქტების იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებას.

მინისტრმა ღვინისა და სხვა ყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების ექსპორტზე გაამახვილა ყურადღება, რითაც 2030 წლისთვის ქვეყანა 1 მლრდ დოლარ შემოსავალს მიიღებს. საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, დაგეგმილია ახალი ბაზრების ათვისება: სამხრეთ კორეა, კანადა, სკანდინავიის ქვეყნები და სხვ.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი სარწყავი ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია/მოდერნიზაციის 10-წლიანი პროგრამით, 2030 წლის ბოლოს, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი  227 000 ჰექტარზე მეტი, ხოლო დამშრალი ფართობი -  74 000 ჰექტარზე მეტი იქნება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საქართველო სრულად იქნება მექანიზირებული და აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდება და შემუშავდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მიზნობრივი პროგრამები, რაც გულისხმობს ყველა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას; 10-წლიანი გეგმის ფარგლებში,  დაგეგმილია  1,7 მილიარდი ლარის ინვესტირება, საიდანაც  სახელმწიფოს თანამონაწილეობა  700 მლნ ლარია. 

Მინისტრმა ისაუბრა ფერმერებისთვის ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების აუცილებლობასა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მნიშვნელობაზე, თუმცა ლევან დავითაშილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამეცნიერო შედეგები ფერმერების მხრიდან პრაქტიკაში იყოს გამოყენებული. Ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მინისტრმა ფერმერებისთვის ხარისხიანი სარგავი და სათესლე მასალის ხელმისაწვდომობა დაასახელა.

10-წლიან გეგმაში გათვალისწინებულია საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომლის თანახმადაც თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.

„იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა იყოს კონკურენტუნარიანი, გვქონდეს საექსპორტო ბაზრებზე წვდომა, ჩვენ გვჭირდება ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვის წარდგენისას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს 2030 წლამდე გაწერილი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში საკანონმდებლო დაახლოების პროცესია.

2021-2030 წლებში, სურსათის უვნებლობის მიმართულებით განსაზღვრულია: ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება და უვნებლობის თანამედროვე სისტემების დანერგვა; სახელმწიფო კონტროლის გააქტიურება და კონტროლის სისტემის ეფექტიანობის გაზრდა; ბიზნესსექტორის ცნობიერების ამაღლება; გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა.

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით დაგეგმილია: ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების, ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციის და კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით; მონიტორინგისა და დაავადებებზე ზედამხედველობის სისტემის სრულყოფა; არსებული და მოსალოდნელი რისკების საფუძველზე ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციული და სალიკვიდაციო პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

მცენარეთა დაცვის მიმართულებით გაგრძელდება: ფიტოსანიტარიული სისტემის შესაძლებლობების გაძლიერება; მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ არსებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება; საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების კონტროლის და დიაგნოსტიკის გაძლიერება; ფიტოსანიტარიული მონიტორინგის განხორციელება და ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა; მცენარეთა დაცვის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებით, ქვეყანაში ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შენარჩუნება და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა; მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ არსებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.

სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი ხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, აქცენტი გაკეთდება სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისების სტიმულირებაზე და სასათბურე მეურნეობების შექმნაზე, რაც უზრუნველყოფს ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურებით დაფარული მიწის ფართობების 500 ათას ჰა-მდე ზრდას, უზრუნველყოფილი იქნება 3,7 მლნ ტონამდე წარმოება - ძირითადად, საექსპორტო და იმპორტჩანაცვლების პოტენციალის მქონე კულტურებით, რაც მოიცავს, როგორც სასურსათო პროდუქციას, ასევე, ცხოველთა საკვებწარმოების მიმართულებას. დღეისათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი მრავალწლოვანი ხეხილის ნარგაობა და ერთწლოვანი კულტურების ნათესი ფართობი 300 ათასი ჰექტარს აღემატება. მათ შორის, მხოლოდ პროგრამით „დანერგე მომავალი“ ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 14 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა.

მინისტრმა ისაუბრა სატყეო რეფორმაზე. „საქართველომ უკვე მიიღო ახალი ტყის კოდექსი და შექმნა ტყის მართვის ახლებური პოლიტიკა, რასაც სჭირდება განხორციელება. ჩვენ ინტენსიურად დავიწყეთ ახალი პოლიტიკის გატარება და ინვესტირება სატყეო სექტორის განსავითარებლად. შესაბამისად, 2021-2023 წლამდე, საქართველოში 91 „საქმიანი ეზო“ უნდა მოეწყოს”, - აღნიშნა მინისტრმა.

ტყის ახალი კოდექსის და სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვანი სიახლე მერქნული რესურსით ორგანიზებული სარგებლობაა, რაც მოიცავს ხე-ტყის დამზადებასა და მასთან დაკავშირებულ დამატებით ღირებულებებს, როგორიცაა ხე-ტყის ნარჩენით ბიომასისა თუ სხვა პროდუქტების წარმოება, ასევე, ხე-ტყის მეორადი გადამუშავება, მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს მერქნის ლეგალური ბაზრის ჩამოყალიბებას, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. სოციალური ჭრები, რაც გულისხმობდა მოსახლეობის მიერ შეშის საკუთარი ძალებით დამზადებას, ეტაპობრივად გაუქმდება. ეროვნული სატყეო სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“, ქვეყნის მასშტაბით უკვე მოეწყო 26 „საქმიანი ეზო“, რასაც წლის ბოლომდე კიდევ ათი დაემატება. „საქმიანი ეზოებიდან“ მოსახლეობის მიერ საშეშე მერქნის შეძენაზე სრულად გადასვლა 2023 წლიდან იგეგმება. სააგენტო მუშაობს ახალი სერვისების დანერგვაზე, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გამარტივებულად შეიძინოს შეშა და ისარგებლოს ტრანსპორტირების მომსახურებით.

გეგმის მიხედვით, 2030 წლამდე, წინასწარ გამოვლენილ 1,500 ჰა-ზე ტყის გაშენებისა და აღდგენის ღონისძიებები განხორციელდება. ეს გულისხმობს ყოველწლიურად, 150 ჰა ტყის გაშენება და ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენის ხელშეწყობა.

სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი.

მინისტრის თქმით, ქვეყნის ურბანულ ცენტრებში: შეიქმნება უფრო მეტი სარეკრეაციო და გამწვანებული სივრცე; განვითარდება სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტი; გამკაცრდება ტრანსპორტიდან გაფრქვევის სტანდარტები და გაუმჯობესდება საწვავის ხარისხი; თბილისსა და რუსთავს შორის მდებარე კრწანისის ტყე-პარკი სრულად კეთილმოეწყობა; ტერიტორიაზე ჩამოყალიბდება სამხრეთ  კავკასიის ეკოსისტემების კვლევისა და აღდგენის ცენტრი და გარემოსდაცვითი განათლების საზოგადოებრივი საჯარო სივრცე;

სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების იდენტიფიცირება და ადრეული გაფრთხილების და მონიტორინგის ეფექტიანი სისტემების შექმნისთვის, დაგეგმილია არსებული მონიტორინგის ქსელის გაფართოება, რისთვისაც დამონტაჟდება ახალი ავტომატური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური სადგურები; დამატებით მომზადდება გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების ზონირების რუკები, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ბუნებრივი საფრთხეებისგან მაქსიმალურ დაცვას და უზრუნველყოფს ქვეყანაში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება/შერბილებას. 

მინისტრმა დაცული ტერიტორიების განვითარების გეგმაზე დეტალურად ისაუბრა. 

მისი თქმით, 2030 წლამდე, დაცული ტერიტორიების ფართობი 1 მილიონ ჰექტრამდე გაიზრდება და ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 17%-ს მიაღწევს. 

აღნიშნულის პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს, რომ საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას: კოლხეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს, რაც უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარება იქნება და საქართველოს დაცული ტერიტორიების ცნობადობას გაზრდის.

ლევან დავითაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 5-ჯერ გაიზრდება. 

“მომავალ წლებში, დაგეგმილი  ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი, დაახლოებით, 212 000 000 ლარს შეადგენს, საიდანაც, 49 000 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებია. ახალი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ვიზიტორების დაინტერესებას და მოზიდვას; შესაბამისად, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა საპროგნოზო მაჩვენებელი 5-ჯერ გაიზრდება და 8 მილიონს, ეკოტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 58 მილიონ ლარს მიაღწევს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

მისი თქმით, დღეისათვის, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული კერძო ინვესტიციების მოცულობა 142 მილიონ ლარია. არსებული პროგნოზით, 2030 წლამდე, ინვესტიციები მინიმუმ 3-ჯერ გაიზრდება და 429 მილიონ ლარს მიაღწევს. 

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო მუშაობს კანონზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“, რომლის ამოქმედების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება მონადირეთა სერტიფიცირება, რაც ბრაკონიერობის შემცირებას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, სააგენტოში მდინარეების დათევზიანებისთვის მდინარის კალმახის ლიფსიტების წარმოება,  წლიურ 1 მლნ ცალამდე გაიზრდება. 

ასევე,  ყოველწლიურად,  5 000 ფრთაზე მეტი კოლხური ხოხბის, კაკბის, გნოლისა და სხვა სახეობათა გამრავლება განხორციელდება ბუნებაში გაშვებისა და სამონადირეო მეურნეობებისთვის მიწოდებისთვის. სააგენტო, ველურ ბუნებაში აღდგენის მიზნით, წლიურად, ჭალის ტყისა და „წითელი ნუსხის“ არანაკლებ 200 000 ნერგს გამოიყვანს.

კრწანისის ტყე-პარკში სამხრეთ  კავკასიის ეკოსისტემების კვლევისა და აღდგენის ცენტრი შეიქმნება. ტყე-პარკში დაგეგმილია მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, დამშრალი 7 ტბორის აღდგენა/დათევზიანება და 50-მდე საპიკნიკე ლოკაციის მოწყობა.

ამასთან, გეგმის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, 13 სრულად ფუნქციური, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის მქონე სოფლის მეურნეობის ლაბორატორია იმუშავებს.