რამდენია სათიბი/საძოვრების ფართობი - მთავრობამ საძოვრების ხელმისაწვდომობის პროგრამა დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროგრამა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრების რაციონალურად გამოყენების და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა.
პროგრამას მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო განახორციელებს, კოორდინაციას კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაუწევს.
საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების ფართობი დაახლოებით 1,8 მლნ ჰა-ს შეადგენს, მათ შორის, დაახლოებით, 500 ათასი ჰექტარი ეროზიულია. საძოვრების ეკოსისტემას და მცენარეულ საფარს განსაკუთრებით აზიანებს პირუტყვის მრავალწლიანი ექსტენსიური ძოვება, სიმჭიდროვის ზრდა და საძოვრების არარაციონალური გამოყენება. უსისტემო გამოყენების შედეგად, მცირდება ნიადაგის ზედაპირის ბალახოვანი საფარი. საძოვრების არარაციონალური გამოყენება და ბალახის საფარის განადგურება იწვევს ნიადაგის სტრუქტურის შეცვლას.
"ახალი პროგრამის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობა“ ფარგლებში, გათვალისწინებულია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრის კატეგორიის 3219 ერთეული მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართი - 89 905 ჰექტარი, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საძოვრების მოვლა-სარგებლობაზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენა, რაც თავის მხრივ, საძოვრების რაციონალური გამოყენების, ხარისხობრივი გაუმჯობესების, მეცხოველეობის განვითარების და ადგილობრივი პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, ასევე, ამხანაგობას, რომელსაც შერჩეული აქვს იჯარის უფლებით გასაცემი საძოვარი და, ამავდროულად განაცხადის წარდგენისას, მფლობელობაში გააჩნია იჯარის უფლებით გასაცემი საძოვრის ასათვისებლად საკმარისი რაოდენობის მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი (ერთი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის არანაკლებ 1 ჰა და არაუმეტეს 1.5 ჰა, ხოლო წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის - 0.2 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა).
პროექტი ითვალისწინებს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაურეგისტირებელი საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთების გამოვლენასა და დარეგისტრირებას მათი ამ პროგრამაში ჩართვის მიზნით. ასევე მოხდება შესაბამისი კატეგორიის გარეშე რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კატეგორიების დადგენა.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრები გაიცემა აუქციონის წესით, 3-წლიანი იჯარით, ხოლო საძოვარი რომელიც მდებარეობს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე - ერთი წლის ვადით, თუ ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით სხვა ვადა არ იქნა განსაზღვრული", - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ რელიზში.