რა ვითარებაა ხორბლის ბაზარზე - როგორ ემზადება საქართველო
2021 წლის 1 იანვრიდან რუსეთი ხორბლის ექსპორტზე კვოტების დაწესებას ისევ გეგმავს. საქმე ეხება მექანიზმის ამუშავებას, რომელიც საბაჟო კავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის შემთხვევაში 20 მლნ ტონაზე არასატარიფო კვოტირების შემოღებას გულისხმობს.
ამ პრინციპს რუსეთმა წინა წელსაც მიმართა რითიც ქვეყნიდან 6 თვის განმავლობაში ხორბლის იმპორტი გაართულა.
მეხორბლეთა ასოციაციის ცნობით, ამის მიზეზი კორონავირუსია. ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, პანდემიის ვითარებაში ქვეყნები ცდილობენ უფრო მეტი მარაგი დაიტოვონ, ხოლო ის ქვეყნები, რომლებსაც არ აქვს ხორბალი, პირიქით - მეტი მარაგი შეიქმნან. ლევან სილაგავას შეფასებით, ეს ფაქტორი თავის მხრივ ხორბლის გაძვირების რისკებს ზრდის.
ასოციაციაში ხორბლის ფასის მატებას, სავარაუდოდ, იანვრიდან პროგნოზირებენ. მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის მატების გამო, შესაძლოა, საქართველოში მარცვლეულის სუბსიდირების საკითხი კვლავ გააქტიურდეს. სპეციალისტების მტკიცებით, ფასის ზრდის თავიდან ასაცილებლად ეკონომიკური გუნდის გააქტიურება ნოემბრის ბოლოდან იქნება საჭირო. ხორბალზე ფასების ზრდა ძირითად იმპორტიორ ქვეყნებში მოსავლის რაოდენობის სიმცირით არის გამოწვეული. ასოციაციაში ამბობენ, რომ სექტემბრის შემდეგ ხორბალი საშუალოდ 30%-ით გაძვირდა.
საკითხზე მეხორბლეთა ასოციაციას პრემიერ-მინისტრთან უკვე ჰქონდა შეხვედრა. მთავრობა მზად არის საჭიროების შემთხვევაში პურზე ფასის მატება კვლავ დააზღვიოს.