პლატფორმა 525 Grapes-ი მცირე და საშუალო მეღვინეებს წარმოების განვითარებაში დაეხმარება
პლატფორმა - 525 Grapes-ი დამწყებ, მცირე და საშუალო მეღვინეებს წარმოების ბრენდად ქცევასა და მის განვითარებაში დაეხმარება.
როგორც პლატფორმა 525 Grapes-ის თანადამფუძნებელმა, გოგა თევზაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ისინი ყურძნის კრეფიდან დაწყებული, მისი დაძველებით დამთავრებული, პროცესში აქტიურად არიან ჩართული და ყველა საჭირო სერვისს სთავაზობენ, რათა მეღვინემ მაღალი ხარისხის ღვინო აწარმოოს, ნაკლები რესურსის დახარჯვით და მეტი ყურადღება გაყიდვებსა და ბრენდის ჩამოყალიბებას დაუთმოს.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ამ ეტაპზე საკუთარი ვენახი არ აქვს, პროექტის ფარგლებში მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე კონსულტაციას უწევენ და მიკრო ზონების მოძიების შერჩევაშიც აქტიურად ეხმარებიან.
გარდა ამისა, პლატფორმა საკუთარ ვენახებსაც ფლობს და 525 Grapes ბრენდის ქვეშ ღვინოს აწარმოებს.
"პლატფორმისთვის წელს პირველი კომერციული წელია. ამ ეტაპზე მხოლოდ 60 ტონა მარაგის გადამუშავების საშუალება გვაქვს, თუმცა სამომავლოდ, 200-250 ტონამდე წარმოების ზრდა იგეგმება, რაც დაახლოებით 200 ბოთლს გულისხმობს.
ყველა ღვინო, რომელსაც ვაწარმოებთ, პრემიალური ხარისხისაა. ეს კი ნიშნავს, რომ ის დიდ მასაზე და მილიონობით ბოთლის წარმოებაზე არ არის გათვლილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავად ყურძნის ხარისხს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ასევე იმას, თუ რა ტემპერატურაზე ხდება ყურძნის დაძველება. 3 ჰა მიწის ფართობი გვაქვს და უახლოეს მომავალში ვენახების რაოდენობის ეტაპობრივი გაშენებაც იგეგმება, "-აცხადებს თევზაძე.
როგორც პლატფორმის თანადამფუძნებელი განმარტავს, მიმდინარე წელს, კომპანიას 7 დამკვეთი ჰყავდა და 51 ტონა (13 ჯიშის, მათ შორის იყო როგორც უცხოური, ასევე ქართული ჯიშებიც) ყურძნის გადამუშავება შეძლო.
გარდა იმისა, რომ პლატფორმა მეღვინეებს ყურძნის წარმოებაში ეხმარება, მათ კლუბში გაწევრიანების შესაძლებლობაც აქვთ, რომელსაც 525 ჰქვია. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში დეგუსტაციები, სემინარები და სხვადასხვა შეხვედრები ჩატარდება ცნობილ ბლოგერებთან, ღვინის მოყვარულებთან და პროფესიონალებთან. ასევე კოლაბორაცია იგეგმება სხვადასხვა პროფესიონალურ ორგანიზაციებთან, რათა პროექტში განათლების კომპონენტიც შევიდეს.
თევზაძის ცნობით, ასევე დაგეგმილია გაცვლითი პროგრამები, სადაც ქართველი სტუდენტები საზღვარგარეთ, ხოლო უცხოელი სტუდენტები საქართველოში ჩამოვლენ და აქ ადგილობრივ ღვინის ტექნოლოგიას ისწავლიან. ეს კი, მისივე თქმით, მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.
ცნობისთვის, 525 grapes არის პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო მეღვინეებს წარმოების განვითარებაში ეხმარება. სახელი 525 grapes კი 525 ყურძნის ენდემურ ჯიშს უკავშირდება. კომპანია საგურამოსთან ახლოს, სოფელ ბიწმენდში მდებარეობს. გარდა ღვინის დაყენებისა, პლატფორმა მომხმარებელს ჭაჭის გამოხდისა და დისტილაციის სერვისსაც სთავაზობს.