ოთარ შამუგია: მცირემიწიან ფერმერებს ფინანსურ რესურსებზე ნაკლები წვდომა აქვთ
ფერმერებისთვის საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 20 მილიონ ლარზე მეტი სესხი გაიცა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, დღესვე დამტკიცდა ახალი პროგრამა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მქონე ფერმერებისთვის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
"პროგრამის მიზანია, რომ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესყიდვაში დავეხმაროთ. ასევე, რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება და ფერმერებს ვეხმარებით საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხების პროცენტის სუბსიდირებაში 9%-ის ოდენობით. ამ პროგრამის ფარგლებში უკვე ისარგებლა ძალიან ბევრმა ბენეფიციარმა და 20 მილიონ ლარზე მეტი სესხია გაცემული. ჩვენი ფერმერები აქტიურად სარგებლობენ ამ პროგრამით და ჩართულები არიან 1 წლოვანი კულტურების მოყვანაში. მცირემიწიან ფერმერებს შედარებით ნაკლებად აქვთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. აქედან გამომდინარე, როდესაც გაძვირებულია სასუქები, პესტიციდები, მათ სჭირდებათ დახმარება",- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ცნობისთვის, მთავრობა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას იწყებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 1 ჰა-ზე 300 ლარით. ფერმერებს სპეციალურ აგრობარათზე დაერიცხებათ აღნიშნული სუბსიდია ქულების სახით და ისინი შეძლენებ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საქონლის შესაძენად. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები. ეს დაახლოებით 300 000 ფერმერს შეეხება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროექტის ბიუჯეტი 35 მლნ ლარია.