ოთარ შამუგია: "მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის" წარმატებაში დარწმუნებული ვარ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკში ირიგაციის და წყლის სექტორის მენეჯერ უინსტონ უისმთან და „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ (GRAIL) ხელმძღვანელ რანუ შინჰასთან გამართულ შეხვედრაზე GRAIL-ის ტექნიკური და ტარიფის მეთოდოლოგიის საკითხები განიხილა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დასრულების ფაზაში მყოფ „საქართველოს ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტზე“. აღინიშნა, რომ პროექტის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც სამუშაო პროცესში ფერმერების აქტიური ჩართულობითაც იყო განპირობებული.
ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვან ახალ მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ. პროექტის განხორციელების ეტაპზე აუცილებელია კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ეფექტიანად წარმართავს პროცესებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების ჩართულობა და მათგან რეკომენდაციების მიღება. წლების განმავლობაში მსოფლიო ბანკთან ნაყოფიერი და სანიმუშო თანამშრომლობა გვაკავშირებს, რაც მაძლევს საფუძველს, დარწმუნებული ვიყო „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ წარმატებაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.