სოფლის მეურნეობა
26/06/2023

"ორგანიკ ჯორჯიას" საანგარიშო შეხვედრა ბიომეურნეობების განვითარების პერსპექტივებზე

USAID საქართველოს მხარდაჭერით, 26 ივნისს, 10:00 საათიდან, სასტუმრო "რედისონ ბლუ ბათუმში" გაიმართა HICD პროგრამის მხრიდან ასოციაცია "ორგანიკ ჯორჯიას" მხარდაჭერის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა.

ღონისძიებაზე, რომელსაც დაესწრენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აგრარული სექტორის, ფერმერული მეურნეობების, უნივერსიტეტის, ასევე ბათუმის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ჟურნალისტები, მოხდა პროექტის განმავლობაში განვლილი საქმიანობის და მიღებული რეზულტატების სტუმრებისთვის გაცნობა და ასოციაციის სამომავლო გეგმების წარდგენა.

"ორგანიკ ჯორჯიას" საანგარიშო და საპრეზენტაციო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან და სექტორთან ერთის მხრივ დაეთმო იმ გამოწვევებს, რაც სუბტროპიკული კულტურების მოყვანასთან არის დაკავშირებული, მეორეს მხრივ კი საუბარი შეეხო ორგანული წარმოების მნიშვნელობას და პერსპექტივებს ევროკავშირის და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრების ათვისების კუთხით. შეხვედრაში მონაწილე ფერმერებმა კი გამოთქვეს მზაობა, რომ ასოციაციის დახმარებით, ეტაპობრივად დაიწყონ ბიოწარმოებაზე გადასვლა და ორგანული მეთოდების გამოყენება როგორც ციტრუსის, ასევე სხვა კულტურების მოშენებაში.

USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამა (HICD) ასოციაცია - “ორგანიკ ჯორჯიას“, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციის ფუნქციის გაძლიერებაში ეხმარება. ასოციაცია, ტროპიკული კულტურების წარმოებასა და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებაზეა ორიენტირებული, მისი მიზანია ბიოპროდუქტების წარმოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფერმერთა ტექნიკური უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერება.

ასოციაციის მხარდაჭერით, USAID-ი ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ბიოპროდუქტების წარმოებას აჭარის რეგიონში. რაც, თავის მხრივ, მოახდენს სურსათის უვნებლობის, მდგრადი წარმოებისა და სოფლის მოსახლეობის დასაქმების სტიმულირებას.

 

Businesspartner