ნიკოლოზ ბენიაიძე: რეგიონში ვეტერინარის ანაზღაურება საშუალოდ 3 000-დან 5 000 ლარამდე მერყეობს
კერძო სექტორს აგრარული მიმართულებით კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი და განათლების დაბალი დონე აწუხებს.
განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა მესაქონლეობის და მერძევეობის მიმართულებით დგას. ამის შესახებ მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ბენიაიძემ გადაცემასთან "ბიზნესი რუსთავი 2"-ზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, აგრარული მიმართულებით დეფიციტი ყოველთვის გვქონდა. ჩამოყალიბდა წვრილი მეურნეობები, რაც უფრო ართულებს სპეციალისტის მოძებნას. მესაქონლეობის მიმართულებით არის ზოოტექნიკოსების, კვების სპეციალისტების, ვეტერინარების დეფიციტი. ამას დაემატა მუშახელის დეფიციტის პრობლემა. არადა, კვალიფიციური მუშახელი მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების გარანტიაა",- აღნიშნა ბენიაიძემ.
მისივე თქმით, პროცესში სახელმწიფოს ჩართულობაა საჭირო. კერძოდ, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან ურთიერთობის ნაწილში.
"სახელმწიფოს ჩართულობას, პირველ რიგში, სასწავლებლებთან ურთიერთობის ნაწილში ვხედავ. რაც შეიძლება მეტი აგრარული ფაკულტეტი უნდა იყოს ბევრ სასწავლებელში. ამასთან, 3-5 წლამდე პერიოდში უნდა ჩამოვიყვანოთ ერთი და იგივე სპეციალისტი რამდენიმე მიმართულებით. თითო მიმართულებაზე 2-3 სპეციალისტი საკმარისი იქნება, რომელიც მუდმივად, 3-5 წლის განმავლობაში იმუშავებს, შეისწავლის ადგილობრივ კლიმატს, ნიადაგს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ჩართულობა იქნება, რომ ჩამოიყვანოს კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე დაეხმარებიან ფერმერებს და გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას",- განმარტავს ასოციაციის თავმჯდომარე.
ნიკოლოზ ბენიაიძე აქვე აღნიშნავს, რომ მესაქონლეობის მიმართულებით ვეტერინარის საშუალო ანაზღაურება რეგიონში თვიურად 3 000-დან 5 000 ლარამდე მერყეობს.
"ზოგადად, მსოფლიოში სოფლის მეურნეობა დიდად პრესტიჟული არსად არ არის. საქართველოში განსაკუთრებით. მოშლილია სისტემა. მაგალითად, მერძეული, ფერმერობის, მესაქონლეობის მიმართულებებით რეგიონში წასვლა და მუშაობა არავის არ უნდა. ყველას უნდა თბილისში კლინიკების გაკეთება ძაღლებისა და კატების მიმართულებით. ალბათ, უფრო მომგებიანია. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რეგიონში მესაქონლეობის მიმართულებით ვეტერინარია წამგებიანია. 3 000-დან 5 000 ლარამდე თითოეულ ვეტერინარს გამოუვა ანაზღაურება, თუ ის რამდენიმე ფერმას მოემსახურება. ასეთია მსოფლიო პრაქტიკა",- განაცხადა ბიკოლოზ ბენიაიძემ.