მთავრობა პატარძეულში აგრარული ბაღის გაშენების მიზნით ინვესტორს ეძებს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარძეულში აგრარული ბაღის გაშენების მიზნით მიწის ნაკვეთი იყიდება.
ელექტრონულ აუქციონზე ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2 639 769 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიტანა. საწყისი ფასი 1.6 მლნ ლარით განისაზღვრება, ვაჭრობის ბიჯი 5 000 ლარით.
ინვესტორმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წელში შესყიდული მიწის ფართის 60%-ზე ერთწლიანი ან მრავალწლიანი ნარგავები უნდა გააშენოს, პირობები ითვალისწინებს ნარგავებს შორის გადასაადგილებელი (სპეცტექნიკის) ბილიკების/საირიგაციო სისტემის გაშენებას , ასევე ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დამცავი მესერით (ან/და საირიგაციო სისტემით) მოწყობას.
გამარჯვებულმა ბაღის მოწყობაზე მინიმუმ 800 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ შეიძლება იყოს უცხოელი (ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი) და იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება.