სოფლის მეურნეობა
13/08/2020

მთავრობა არასტანდარტულ ვაშლს 10 თეთრით დაასუბსიდირებს

“საქართველოს მთავრობა წელს არასტანდარტულ ვაშლს დაასუბსიდირებს“–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ფერმერი ერთი კილო ვაშლის გაყიდვით, დაახლოებით, 22 თეთრს მიიღებს, საიდანაც 10 თეთრი მთავრობის სუბსიდია იქნება.

„ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში, მოგეხსენებათ, ჩვენ სექტორულად ვეხმარებით სხვადასხვა დარგებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობას. ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ჩვენი ფერმერების არც ერთი გრამი პროდუქტი ​დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს. ამ მოტივით იყო განპირობებული ჩვენი დახმარება მევენახეებისთვის და მოგეხსენებათ, მთავრობა ასუბსიდირებს ყურძნის შესყიდვას წელს და შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ, ეს იქნება ვაშლი. ვაშლის მოსავლის დაბინავება. წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებით შესახებ, 10 თეთრით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი ინფორმაციით, ეს პროგრამა  2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.