სოფლის მეურნეობა
18/01/2021

მოსავლის ასაღები ტექნიკის პროგრამისთვის ბიუჯეტიდან ₾5 მლნ გამოიყო

მოსავლის ასაღები ტექნიკის პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარი გამოიყო. საგრანტო პროგრამა მარტიდან დაიწყება და როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, თანხის ძირითადი ნაწილი ვაშლის, ზეთისხილის, ფისტის და სხვა კულტურების ხელშეწყობისთვის დაიხარჯება.

„პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსების კომპონენტს. რაც იმას ნიშნავს, რომ გრანტის გარკვეული ნაწილი არსებობს, მეორე ნაწილი კი თავად ფერმერმა უნდა მოიზიდოს. ამისთვის მათ შეუძლიათ აგროკრედიტითაც ისარგებლონ, რომლის პროცენტის ძირითად ნაწილს სახელმწიფო ფარავს,“ - განმარტავს გელა ხანიშვილი.

მისივე განმარტებით, გასული წლის მექნიზაციის პროგრამის აქტუალობიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ფერმერების მხრიდან აქტიურობა წელსაც მაღალი იქნება.

„ყველა მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა, თუმცა მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, რომ ერთნაირი სასტარტო პირობებით ისარგებლოს პროგრამაში მონაწილეობისას. დანარჩენი კი მათ უნარებსა და შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. განაცხადის შევსებისა და ატვირთის პროცედურები არის მარტივი და საჭიროა სულ რაღაც ოთხი-ხუთი დოკუმენტის წარდგენა. ფერმერის განაცხადის შეფასებისას კი ადამიანური ფაქტორის მონაწილეობა გამორიცხულია,“ - განმარტავს გელა ხანიშვილი.

მისივე განმარტებით, ტექნიკის დეფიციტი საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„საქართველოს ას ცხენის ძალაზე გადაანგარიშებით აკლია 32 ათასი ერთეული ტრაქტორი, 65 000 იმპლემენტი. ეს ჯამში არის 1 მლრდ ევროს ღირებულების. ბუნებრივია, მთლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ტექნიკის დეფიციტის აღმოფხვრას დასჭირდება არაერთი წელი. სამწუხაროდ, ერთ დღეში ჩვენ შევძელით გაგვენადგურებინა მთელი ტექნიკა, 90-იან წლებს ვგულისხმობ. მის აღდგენას ასეულობით მილიონი დოლარი სჭირდება,“ - აღნიშნავს ხანიშვილი.

Businesspartner