სოფლის მეურნეობა
20/04/2023

მინისტრი: ქვეყანაში მელიორირებული მიწის ფართობი 3.5-ჯერ გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მიწის რესურსების მდგრადი მართვის პოლიტიკის გასატარებლად მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და მიწის ბალანსის წარმოება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ამ მიზნით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა „მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და მისი განვითარების შესახებ“ კონცეფცია.

„აღნიშნული კონცეფციის შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ საპილოტე პროექტი ორ მუნიციპალიტეტში, რომელიც წელს დასრულდება. მთლიანად მიწის რესურსების ინტეგრირებული მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნა დასრულდება 2024 წელს და ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მიწის ფონდის ერთიანი ბალანსი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში გამოსვლისას.

მინისტრის განცხადებით, 2022 წელს ასევე შემუშავდა საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის მიზანია, საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და საძოვრების დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენციას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. კონცეფცია წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივების საფუძველს, რომელიც დაარეგულირებს საძოვრების მართვის საკითხებს, განხილვების დაწყება დაგეგმილია მიმდინარე წელს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მიწების მელიორაცია, სარწყავი და დამშრობი სისტემების მშენებლობა, ექსპლუატაცია და მართვა მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ინტენსიური და ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო პირობების შექმნა.

„აქტიურად მიმდინარეობს საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 422 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად,   წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 45 000 ჰექტრიდან 165 000 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 14 000 ჰექტრიდან 43 000 ჰექტრამდე გაიზარდა.

ყოველწლიურად, მნიშვნელოვნად იზრდება მომსახურების არეალი - წყალუზრუნველყოფილი სავარგულების რაოდენობა, რომელზეც შეზღუდული ან შეწყვეტილი იყო სასოფლო-სამეურნეო კულტივირების პროცესი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 61.5 მლნ ლარის ღირებულების  სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. მშენებლობა-რეაბილიტაციის გეგმით, წლის განმავლობაში კიდევ 101 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები დაიწყება. პროექტების სრულად განხორციელების შედეგად,  დამატებით,  14 570 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, 22 800 ჰექტარზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 905 ჰექტრით გაიზრდება.

ოთარ შამუგიამ   სიტყვით გამოსვლისას, მელიორაციის მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების   ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ოთხი მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის (მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო) მხარდაჭერით დაგეგმილი პროექტები, 2023-2030 წლებში, უზრუნველყოფს დარგში კოორდინირებულ ინვესტიციას, სექტორში მართვის ჰოლისტიკური მიდგომის დამკვიდრებას (წყალი, მიწა, სოფლის მეურნეობა), 50 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებას, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას დაახლოებით 30 %-ით გაზრდის. პროექტებს ეყოლება 50 000-მდე ბენეფიციარი ფერმერული მეურნეობა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას.

აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის გარდა, პროექტები მიზნად ისახავს: ფერმერთა ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას, ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას, ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ამასთანავე ხელს შეუწყობს წყლის რესურსების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას. ცალკე კომპონენტი ეთმობა მიწის მდგრად მართვას, მიწების კონსოლიდაციას, მიწის საინფორმაციო სისტემის შექმნას, ნიადაგის დაცვის ღონისძიებებს, ასევე სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების ინსტიტუციურ რეფორმას და ფუნქციურ გაძლიერებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას.