მეხორბლეები ბაზარზე პურის ფასის შესანარჩუნებლად ხელისუფლებას ჩარევისკენ მოუწოდებენ
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია და პურის მრეწველთა კავშირი მთავრობას ურჩევს ხორბლის, ფქვილისა და პურის ბაზარზე არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას ურჩევენ.
მეხორბლეები მსოფლიო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე მიათითებენ, მათ შორისაა ხორბალზე გაზრდილი მოთხოვნა, გამწვავებული ლოჯისტიკური პრობლემები, ექსპორტიორი ქვეყნების მიერ ხორბლის შეზღუდვები და სასურსათო უსაფრთხოება.
ასოციაციების გავრცელებ განცხადებაში ნათქვამია, რომ პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში მთავრობისა და კერძო სექტორის აქტიური კომუნიკაციის და ერთობლივი მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ყველა გამოწვევებთან გამკლავება.
"ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამამ საშუალება მოგვცა იმ პერიოდში მინიმალური დანაკარგებით და მივსულიყავით 2020/21 წლის ახალ მოსავლამდე, როდესაც ფასები ტრადიციულად სტაბილურდება. ამ პერიოდში წისქვილკომბინატებმა შეძლეს მარაგების შევსება, როგორც იმპორტირებული ასევე ადგილობრივი ხორბლით, შედარებით მისაღებ ფასად 200$/ტონის ფარგლებში სექტემბრამდე, თუმცა შემდგომ თვეებში ხორბლის და შესაბამისად ფქვილის ფასების მერყეობის შედეგად ფასი კვლავ გაიზარდა და დღეს უკვე მერყეობს ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი 55-57 ლარის ფარგლებში და კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება.
მიზეზი გახლავთ ის, რომ სექტემბრიდან კვლავ გაგრძელდა ბაზარზე ძველი და ახალი გამოწვევების მოქმედება , კერძოდ:
1. მსოფლიო ყველაზე ხორბლის დიდი 8 ექსპორტიორი ქვეყნიდან (აშშ, არგენტინა, კანადა, ავსტრალია, ევროკავშირი , რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი) 6-ში დაფიქსირდა მოსავლის და შესაბამისად საექსპორტო პოტენციალის სერიოზული შემცირება .
რუსეთსა და ავსტრალიაში საკმაოდ მაღალი მოსავალმა ვერ დააბალანსა დანარჩენი 6 ქვეყნების პრობლემები, შედეგად ბოლო პერიოდში მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასების რეკორდული ნიშნულები ფიქსირდება
2. მსოფლიოში „კოვიდ -19“-ის ახალი ტალღის მოლოდინის შედეგად შესყიდვები გაზრდილია საშუალოდ 30%-ით, რაც კიდევ უფრო ძლიერად მოქმედებს მოთხოვნა მიწოდების ბალანსზე და ძაბავს მსოფლიო ხორბლის ფასებზე ვითარებას.
3. რუსეთმა, რომელიც დღეის მდგომარეობით მსოფლიოში პირველი ხორბლის ექსპორტიორია და 124 ქვეყანაში ყიდის ხორბალს, უკვე მეორედ წლის განმავლობაში განაცხადა ახალი წლიდან ექსპორტზე კვოტირების შესახებ, რაც დიდი ალბათობით გამოიწვევს ანალოგიური სახის ღონისძიებების გატარებას სხვა ქვეყნების მიერ და კიდე უფრო დაძაბავს ბალანს.
4 . შეიცვალა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, რაც კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია იმპორტირებული ხორბლის ფასზე .
მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობისა ამ თვეების განმავლობაში წისქვილკომბინატებმა და პურის მწარმოებლებმა არსებული გარდამავალი მარაგების ხარჯზე ახალი და ძველი პარტიების საშუალო შეწონილი ფასებით , ასევე შიდა რეზერვების ხარჯზე შევძელით შეგვენარჩუნებინა ფქვილის და პურის ფასების სტაბილურობა.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში სექტემბრიდან დაწყებული ხორბლის ფასი მუდმივად მზარდია და ხასიათდება აღმავალი ტრენდით. $200/ტონა-დან დაწყებული ყოველი შემდგომი შემოტანა დაახლოებით $12-15-ით ძვირი იყო წინა შემოტანილ პარტიებთან შედარებით, შესაბამისად დღეს არსებული ხორბლის ფასი 25-30% -ით მეტია სექტემბრის ფასთან მიმართებაში და შეესაბამება $270/ტონა ნიშნულს.
მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე საკანონმდებლო ან მასტიმულირებელი ღონისძიებებით ჩარევა, ხორბლის აღნიშნული პარამეტრით ფქვილსა და პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება, რადგან საშუალო შეწონილი ფასების დამაბალანსებელი ეფექტი ამოიწურება და დაიწყებს მოქმედებას ახალი გაძვირებული ფასი $270/ტონა. შესაბამისად ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასი გაიზრდება დაახლოებით 10 ლარით, რაც თავისთავად აისახება მისგან მიღებული პროდუქტის ფასზე, რომლის საწარმოებლად ქვეყანაში საჭიროა დაახლოებით 30 000 ტონა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი თვეში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს, ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე ფქვილის და შესაბამისად პურის ფასის შემდგომი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მოგიწოდებთ ასეთი კრიტიკული პერიოდისათვის მიღებული რეკომენდაციების სრულად გამოყენებისაკენ.
ჩვენი მხრივ კვლავ ძალისხმევას არ დავაკლებთ, რომ საქართველოს ბაზარზე შენარჩუნებლი იქნას ფქვილზე და პურზე სტაბილური ფასები,“ - ნათქვამია განცხადებაში