სოფლის მეურნეობა
16/02/2021

"მეღვინეობის განვითარების თანამედროვე სტანდარტებისგან შორს ვართ, მეტი ტემპი გვჭირდება"

„ერთადერთი დარგი, სადაც რეგულაციებს მივესალმები - მეღვინეობაა,“ - ასე გამოეხმაურა „საქართველოს სომელიეთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ღვინის ხარისხზე კონტროლის გამკაცრების გეგმას.

შალვა ხეცურიანმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განმარტა, რომ მეღვინეობა საქართველოში არასწორი მიმართულებით ვითარდება და კონტროლის მექანიზმების ამოქმედება აუცილებელია.

„ადგილწარმოშობის დასახელებაზე რეგულაციების გამკაცრება კარგია, შაქრიანობის კონტროლსაც მივესალმები. ეს არის ის მინიმუმი რაც უნდა გაკეთდეს. მეღვინეიობა არ არის მხოლოდ ჩვენი მეღვინეების მონაპოვარი, ეს ერის მონაპოვარია. სახელმწიფო უნდა ცდილობდეს აკონტროლოს დარგში არსებული ვითარება. მით უმეტეს რომ ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს. გვაქვს ამბიცია, რომ ექსკლუზიური, უნიკალური პროდუქტი შევქმნათ, ძვირიან სეგმენტში შევიდეთ. კი ბატონო, მაგრამ იქ ძალიან დიდი კონკურენციაა. ძვირად შეიძლება დააფასოთ ღვინო, მაგრამ ის უნდა იყიდოს ვინმემ. კონკურენტული უნდა იყოს. ეს კი ჩვენთვის არ არის მარტივი ამოცანა. წარმოუდგენლად რთულიც კია ჩვენს ქვეყანაში,“ -განაცხადა შალვა ხეცურიანმა.

მისივე განმარტებით, დარგი ვერ გადაეწყო თანამედროვე რელსებზე, შესაბამისად, განვითარების მაღალი დონის მიღწევაც ჭირს.

„ისევ კვაზი საბჭოთა წესებით მოქმედებს დარგი და შორს ვართ სექტორის განვითარების თანამედროვე სტანდარტებისგან. მეტი ტემპი გვჭირდება. ნამდვილად არ გვაქვს ამდენი დრო,“- განაცხადა „საქართველოს სომელიეთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა.

Businesspartner