London Honey Awards-ზე ქართულმა თაფლმა უმაღლესი ჯილდო მოიპოვა
თაფლის საერთაშორისო კონკურსზე London Honey Awards 2023 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „კოდი“ წარმოებულმა თაფლმა „ნინოწმინდის თაფლი - ალპიდა“, ხარისხის ნომინაციაში, უმაღლესი ჯილდო - პლატინის მედალი მიიღო.
თაფლის საერთაშორისო კონკურსი London Honey Awards ლონდონში ყოველწლიურად იმართება. კონკურსი აერთიანებს ორ ნომინაციას - თაფლის ხარისხი და შეფუთვა (დიზაინი). კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ მეწარმეებს, რომლებიც თავად აწარმოებენ და ყიდიან მხოლოდ საკუთარი წარმოების პროდუქციას.
კონკურსი London Honey Awards ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია თაფლის წარმოების სექტორში. ყოველწლიურად, კონკურსში მონაწილეობს 250-ზე მეტი მწარმოებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კოოპერატივმა „კოდი“ კონკურსზე London Honey Awards საკუთარი პროდუქცია პირველად 2021 წელს, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წარადგინა. London Honey Awards 2021 -ზე წარდგენილი იყო „ნინოწმინდის თაფლი ალპიდა“, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღნიშნული თაფლი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა London Honey Awards 2022 - ზეც.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კოდი“ 2017 წელს, 4 მეფუტკრის ინიციატივით დაარსდა. დღეისათვის, კოოპერატივი 11 წევრს, მათ შორის 4 ქალს აერთიანებს.
2017 წელს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივმა შეიძინა ფუტკრის 40 ოჯახი, 100 სკა და გადამმუშავებელი საამქროს 3 დანადგარი, ხოლო მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 100 ახალი სკა მიიღო. ამასთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოს გრანტით, მოხდა საამქროსათვის დამატებითი აღჭურვილობის შეძენა და თაფლის გადამმუშავებელი საწარმოო ხაზის მოწყობა.
კოოპერატივის „კოდი“ სავაჭრო ნიშანია „ალპიდა“. კოოპერატივი აწარმოებს სხვადასხვა სახის პროდუქტს: „ნინოწმინდის თაფლს“, „ახალციხის თაფლს“, „მაისის თაფლს“, „ანათალის თაფლს“, ფუტკრის რძეს, ყვავილის მტვერს და ფუტკრის დედებს.
2020 წელს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ,,საქპატენტი“ კოოპერატივმა დაარეგისტრირა „ნინოწმინდის თაფლი“ როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტი. „ნინოწმინდის თაფლს" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს „ქართული ხარისხის“ და „გეოგრაფიული აღნიშვნის ხარისხის“ ნიშნები, ხოლო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“ მიერ „აგროეკოლოგიური ხარისხის“ ნიშანი.
2018-2021 წლებში, კოოპერატივმა მოიპოვა საერთაშორისო ორგანიზაციების - JICA, USAID zrda, IFAD - გრანტები, რამაც საშუალება მისცა გაეზარდა პირველადი წარმოება, პროდუქციის ხარისხი და საწარმოში დაენერგა HACCP სტანდარტი. 2018 წლიდან, კოოპერატივის „კოდი“ წარმოებული თაფლი სრულ შესაბამისობაშია ქართულ და ევროპულ მოთხოვნებთან როგორც ხარისხის, ასევე უვნებლობის მიმართულებით. 2022 წელს, საამქროში დაინერგა ახალი ტექნოლოგია, რომელმაც საშუალება მისცა მწარმოებელს შეენარჩუნებინა ბუნებრივი თაფლის მაღალი ხარისხი.