სოფლის მეურნეობა
26/06/2021
ლევან დავითაშვილი: ყოველ წელს, 2000 ახალი ტექნიკა რეგისტრირდება
„გაიცა 150 მლნ ლარზე მეტი აგროკრედიტი და აგროლიზინგი, რომლითაც ჩვენმა მოსახლეობამ შეიძინა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.გვაქვს საგრანტო თანადაფინანსებაც.ყოველ წელს, 2000 ახალი ტექნიკა რეგისტრირდება”- ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გუშინ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ნათელი უნდა იყოს, თუ რა ხდება დღეს მექანიზაციისა და სასოფლო-სამეურნეო უზრუნველყოფის კუთხით და რა ხდებოდა 2012 წლამდე.
“რეალურად, 2010 წლამდე, ქვეყანაში სოფლის მეურნეობა მთლიანად იგნორირებული იყო. 2010 წლიდან, დაიწყო სახელმწიფოს მხრიდან მექანიზაციის სერვისცენტრების განვითარება, თუმცა, 2012 წელს, ჩვენ დაგხვდა, დაახლოებით, 100 მილიონზე მეტი მაღალპროცენტიანი, კომერციული საბანკო კრედიტი შეძენილი მექანიზაციისთვის და რომელსაც წლების განმავლობაში, შარშანდლამდე იხდიდა სახელმწიფო.
ეს იყო აბსოლუტურად პოპულისტური გადაწყვეტილება. სერვისცენტრები განლაგებული იყო ავტობანის გვერდით, თვალსაჩინო ადგილზე და ტექნიკის ძირითადი პრობლემა, ცვეთა იყო ათეულ და ასეულ კილომეტრებზე ტრაქტორების გადაადგილებიდან გამომდინარე. ტექნიკას აქვს საკუთარი მუშაობის რადიუსი, სერვისცენტრები უნდა ყოფილიყო სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან.
ჩვენ, ამის სანაცვლოდ, დავიწყეთ პრივატიზება, რათა ტექნიკა ხელმისაწვდომი გაგვეხადა ფერმერებისთვის; დავიწყეთ თანადაფინანსება - გაიცა 150 მლნ ლარზე მეტი აგროკრედიტი და აგროლიზინგი, რომლითაც ჩვენმა მოსახლეობამ შეიძინა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა; ჩვენ ასევე გვაქვს საგრანტო თანადაფინანსება, რომელიც მომავალ წლებშიც გაგრძელდება, მათ შორის, მოსავლის აღების ტექნიკის თანადაფინანსებისთვის.
ყოველ წელს, 2000 ახალი ტექნიკა რეგისტრირდება, ამას აკეთებს კერძო სექტორი და არა სახელმწიფო კომპანია, სახელმწიფო მონოპოლისტი, რომელიც ხელს უშლიდა კერძო სექტორის განვითარებას, რადგან ბაზარი არაპროგნოზირებადი იყო სახელმწიფო მონოპოლიზმის პირობებში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.