სოფლის მეურნეობა
21/03/2023

ქვეყანას აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგია ექნება - დოკუმენტის სამუშაო ვერსია დასკვნით ეტაპზეა

ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარებას ხელს შეუწყობს, უკვე დასკვნით ეტაპზეა და ის საბოლოო სახეს მიმდინარე თვის ბოლოს მიიღებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  FAO-ს პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა ჯუბა მარუაშვილმა განუცხადა, ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელზეც მუშაობაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს. პროცესებში ჩართულია ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და კერძო სექტორი.

სტრატეგიაზე მომუშავე მხარეები ფიქრობენ, რომ ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას და ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, სწორად განვსაზღვროს აკვაკულტურის დარგის განვითარების ფართო და გრძელვადიანი პერსპექტივები.

მხარეები მიუთითებენ იმაზეც, რომ  საქართველოს აკვაკულტურის სექტორს ნამდვილად აქვს მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისა და რეალიზების პოტენციალი. ამ დოკუმენტის აღსრულებით კი, საქართველო საკუთარი პოტენციალის გამოყენებასა და შესაბამისად აკვაკულტურის ტრანსოფრმაციას შეძლებს, რაც სოფლებში ეკონომიკური განვითარების ახალ გზებს შექმნის და ფოკუსირებული იქნება ინკლუზიურობაზე, ასევე გარემოს დაცვასა და სოციალურ მდგრადობაზე.

„2023 წლისთვის დაახლოებით, 20 ათას ტონაზე უნდა გავიდეთ საერთო წარმოების, თუმცა ვფიქრობთ, რომ ბევრად მეტი პოტენციალია როგორც მტკნარი წლის, ისე საზღვაო აკვაკულტურის მიმართულებით.

აქედან გამომდინარე, ის ღონისძიებები, რაც აუცილებლად არის გასატარებელი ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით, ფერმერთა ცოდნის, ინფორმირებულობის, მათი გადამზადების თვალსაზრისით, იხტიოპათოლოგიის მიმართულებით - ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში შესაბამისი რესურსის მობილიზება და სპეციალისტების აქტიურად ჩართვა.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, წყლის ხარისხის კონტროლი, სურსათის უვნებლობა, მიკვლევადობა - ეს არის ის თემები, რომელსაც სტრატეგიული დოკუმენტი თავისივე სამოქმედო გეგმით ძალიან კონკრეტულად განსაზღვრავს“, - აღნიშნავს ჯუბა მარუაშვილი. 

შეგახსენებთ, ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია საქართველოს აკვაკულტურის განვითარების სტრატეგიაზე ბოლო ორი წელია მუშაობს.

როგორც სტრატეგიაზე მომუშავე მხარეები ამბობენ, ეს დოკუმენტი გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი ხელსაწყო გახდება ქვეყანაში აკვაკულტურის სექტორის განვითარებისთვის. ამავე სტრატეგიის აღსულებით, საქართველოს აკვაკულტურა საერთშორისო ინვესტორებისთვისაც მიმზიდველი გახდება.

 

Businesspartner