სოფლის მეურნეობა
11/11/2020

ხარისხი და არა რაოდენობა - რთველი 2021 განსხვავებული წესებით გაიმართება

ფოკუსი ხარისხზე და არა რაოდენობაზე - რთველი 2021 განსხვავებული წესებით გაიმართება. 

ღვინის ეროვნული სააგეტნოს ხელმძღვანელის განცხადებით, მომავალ წელს რთველის დროს განისაზღვრება ყურძნის ხარისხობრივი მაჩვენებლები, რაც მის ღირებულებაზე აისახება. ერთ-ერთი კრიტერიუმი მათ შორის, იქნება ყურძენში შაქრიანობის დონე, რასაც მიებმება ფასი.

„რთულია ფასზე ახლა საუბარი, თუმცა მაღალხარისხიანი ღვინისთვის გამოუსადეგარი ყურძენი ეღირება 2-ჯერ ნაკლები ხარისხიანთან შედარებით“, - აღნიშნა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ.

მისი თქმით, ახალ წესებზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა და ამ რეგლამენტს მევენახეებს და ღვინის კომპანიებს იანვარშივე გააცნობენ. 

„მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს ხარისხზე, თუნდაც რაოდენობის შემცირების ხარჯზე. საქართველოს ასეთ პირობებში არ აქვს ფუფუნება, რომ გლობალურ ბაზარზე რაოდენობით გაუწიოს კონკურენცია ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ მასშტაბის ეკონომიის ფუფუნება. მაგალითად, როგორიცაა ჩილე, ავსტრალია თუ ესპანეთი“,  - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

მისი თქმით, იმ დროიდან, როდესაც მევენახეები დაიწყებენ ვენახში მუშაობას, უკვე მათ ზუსტად უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა, რა ელით რთველზე და მათი გადასაწყვეტი იქნება ხარისხზე გააკეთებენ აქცენტს თუ რაოდენობაზე. მათ წინასწარ ეცოდინებთ, რომ ამ შემთხვევაში ყურძნის ფასები იქნება ძალიან განსხვავებული.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, ღვინის ექსპორტი რაოდენობრივად მცირედით შემცირდა, თუმცა დაახლოებით 10%-იანი კლებაა მიღებულ შემოსავალში.

„პანდემია ძალიან დაეტყო ღვინის ფასს, ძალიან დიდია წნეხი ფასებზეა გლობალურ ბაზარზე“, - ამბობს მეხუზლა.

 

Businesspartner