ფოტო: dreamstime
სოფლის მეურნეობა
31/08/2022

ქართული ლურჯი მოცვის პერსპექტივა

ლურჯი მოცვი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულტურაა საქართველოში. ყოველწლიურად მატულობს ლურჯი მოცვის პლანტაციების რაოდენობაც და გაშენებული ნაკვეთების მოცულობაც. შესაბამისად, იმატებს მოსავალიც. არსებული მონაცემებით, 2020  წელს მოცვის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 288.7%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

რამდენიმე წლის წინ, ლურჯი მოცვის პლანტაციები საქართველოში საერთოდ არ არსებობდა. ამ კულტურის გაშენება დონორი ორგანიზაციების მიერ ფერმერებისთვის მოცვის ნერგების გადაცემით დაიწყო. მოგვიანებით კი ეს მიმართულება სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობით ხორციელდებოდა. ნერგები გურიისა და აჭარის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა და შედეგად, დღეს ლურჯი მოცვი საქართველოს აგრო ინდუსტრიაში ერთ-ერთ სტრატეგიულ კულტურას წარმოადგენს.

კულტურის აქტუალობასთან და ფინანსურ პოტენციალთან ერთად, შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად გაიზარდა რელევანტური ცოდნა და დაგროვდა გამოცდილებაც. დღეს აგრო ბიზნესმენს უკვე მარტივად შეუძლია მოიძიოს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ჩაერთვება მის პროექტში, ბიზნეს პროექტის შედგენიდან ბაღის გაშენების ჩათვლით. აგრო ბიზნესმენი და მიიღებს რეკომენდაციებსა თუ კონსულტაციებს ყველა კრიტიკული მიმართულებით. ასევე, გაიზარდა იმ აგრონომთა რიცხვიც, რომლებიც სპეციალიზირდებიან ლურჯი მოცვის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ინდუსტრიის განვითარებაზე.

ლურჯ მოცვს უნიკალური თვისებები აქვს და მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სწორედ ამიტომ სარგებლობს. ამ კულტურას მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს სარეალიზაციო თვალსაზრისითაც. კერძოდ, მისი გასაყიდი ფორმა შეიძლება იყოს:  ნედლი, გაყინული, გამომშრალი (ჩირი) და, ასევე, ცალკე პროდუქტია მისი ფოთოლი.

საქართველოში ლურჯი მოცვის მოსავლის აღება რამდენიმე კვირით უსწრებს ევროკავშირის ქვეყნებში იმავე კულტურის დამწიფებას. შესაბამისად, ევროპულთან შედარებით, ქართული მოცვის უპირატესობა სწორედ მისი ადრეული მოსავლიანობაა. მაისსა და ივლისში, ქართველ მეწარმეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, პროდუქტი ევროპელ მომხმარებელს შესთავაზონ. ამ პერიოდში, ევროპის ქვეყნებში კრეფის სეზონი არ არის დასრულებული და, შესაბამისად, იმპორტირებულ პროდუქციას პრემიალური ფასი აქვს.

ადგილობრივი წარმოების ლურჯი მოცვის მაღალ მოთხოვნაზე მეტყველებს ექსპორტის მონაცემებიც -  2020 წელს საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: რუსეთი (3.5 მლნ დოლარი), სომხეთი (78.2 ათასი დოლარი), არაბეთის გაერთიანებული საამიროები (57.5 ათასი დოლარი), პოლონეთი (54,0 ათასი დოლარი), უკრაინა (23.1 ათასი დოლარი) და ყატარი (16.8 ათასი დოლარი). ეს მონაცემები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეს პროდუქტი ევროკავშირში დეფიციტურია, ამასთან იგი მაღალი საბაზრო ფასით გამოირჩევა. მაგალითად, ევროკავშირის ბაზარზე გაუყინავი 1კგ. ლურჯი მოცვის ღირებულება საშუალოდ 15 ევროა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროპელ მყიდველს სჭირდება პროდუქციის დიდი მოცულობები, შესაბამისად სარეალიზაციო ბაზრებზე ოპერირებისთვის მსხვილი პლანტაციების მასშტაბური გაშენებაა საჭირო; ამ მიმართულებით ოპტიმალური გადაწყვეტა შესაძლოა კოოპერაცია და მის ფარგლებში სტანდარტიზაცია იყოს. მასშტაბებთან ერთად, საერთაშორისო სასურსათო ბაზრების მოთხოვნის დაკმაყოფილება აუცილებელია ხარისხიანი პროდუქციის წარმოებითაც.

აგრო სოლუშენს ჯგუფი