სოფლის მეურნეობა
20/06/2023

"ქართული ღვინის სახლი" მეორე ქარხნის მშენებლობას გეგმავს

ღვინის კომპანია "ქართული ღვინის სახლი" გაფართოებას გეგმავს. კომპანია 2023 წლის ბოლოს, კახეთში ახალი ქარხნის მშენებლობას დაიწყებს.

"უახლოეს მომავალში ვგეგმავთ უფრო დიდი ქარხნის მშენებლობას, ამ ეტაპზე გორშია ჩვენი საწარმო, ხოლო სამომავლოდ, კახეთში გვექნება უფრო გაფართოებული ქარხანა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვაწარმოოთ უფრო მეტი სახეობის, უფრო დიდი რაოდენობის ღვინო და შესაბამისად, უფრო აქტიურად გამოვჩნდეთ საექსპორტო ბაზრებზე, და რა თქმა უნდა ქართულ, ლოკალურ ბაზარზეც. მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება და ქარხანა 5 წელში სრულად აღჭურვილი იქნება", - აცხადებს "ქართული ღვინის სახლის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირმა ალექსიძე.

მისი თქმით, კომპანია საქართველოში მწარმოებლების ხუთეულში შედის, წლიურად 6 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს, საიდანაც 95-97% ექსპორტზე გადის, დანარჩენის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

"ჩვენი კომპანია უკვე 20 წელზე მეტია, ბაზარზეა წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე საექსპორტო ქვეყნების პორტფელიც საკმაოდ დიდი გვაქვს. პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა, არის აქტიურად წარმოდგენილი ჩინეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, პოლონეთში, მონღოლეთში, ისრაელში და ა.შ. მიმდინარეობს ახალ ბაზრებზე შესვლა, ისეთებში, როგორიცაა ბრიტანეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ღვინოზე მოთხოვნა იზრდება წლიდან წლამდე, გვიწევს რაოდენობების გაზრდა. თუ 2 წლის წინ დაახლოებით ვაწარმოებდით 4 მილიონ ბოთლს, წინა წელს უკვე იყო 6 მილიონი ბოთლი. წელს პირველ ნახევარში უკვე საკმაოდ გაიზარდა ჩვენი გასული ღვინის რაოდენობა და ასევე წარმოებულისაც. აქედან გამომდინარე, მუდმივად გვიწევს, ჩვენი საწარმოო მოცულობების გაზრდა, იმისთვის, რომ ვუპასუხოთ გაზრდილ მოთხოვნას", - ამბობს ირმა ალექსიძე.

agropartner.ge

Businesspartner