ქართული ჩაი "გამარჯობა" ჩეხეთის სუპერმარკეტების ქსელში გაიყიდება
ქართული ჩაი „გამარჯობა“ ჩეხეთის სუპერმარკეტების ქსელში - OXALIS გაიყიდება, - პროდუქტი ექსპორტზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამის ფარგლებში გადის.
კომპანიის თანადამფუძნებლის ავთანდილ ლომთათიძის განმარტებით, ექსპორტის სტიმულირების პროგრამაში მონაწილეობამდე ჩაის ყიდდა, თუმცა დაუფასოებლად, სპეციალური შეფუთვის გარეშე.
"პროგრამამ საშუალება მოგვცა, ოცნება აგვეხდინა და უცხოელი პარტნიორებისათვის შეგვეთავაზებინა უნიკალური პროდუქცია, ქართული სახელითა და ლოგოთი. ეს შეთავაზება მათთვისაც საინტერესო აღმოჩნდა და საბოლოოდ ასე გაკეთდა საერთო საქმე. ჩვენი წინაპრების მივიწყებულმა ტრადიციამ განსაკუთრებული პოპულარობა და დაინტერესება გამოიწვია ჩეხეთში,“ - განმარტავს ავთანდილ ლომთათიძე.
„გამარჯობა“ მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხის შავ, თეთრ, დაძველების მეთოდით შექმნილ ჩაისა და ხელნაკეთ ჩაის სთავაზობს. ჩაის ფოთლებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით დაადგინეს, რომ ქართული ჩაი ბუნებრივად ითვისებს ვარდის, აკაციის და თაფლის სურნელს, რაც ქართულ ჩაის განასხვავებს სხვა ქვეყნების ჩაისგან. ამ პროდუქციასთან ერთად ჩეხეთში უკვე გაყიდვაშია მათი ჩაის ნაყენზე დამზადებული ალკოჰოლური სასმელი.
ექსპორტის სტიმულირების პროგრამის ბენეფიციარია გურული ჩაი „გამარჯობა“, რომელმაც პროგრამის საერთაშორისო ქსელში შესვლის კომპონენტით ისარგებლა, საბოლოოდ კი პროდუქციის ევროკავშირში გატანა და ჩეხეთის ერთ-ერთ წამყვან მიზნობრივ ქსელში ქართული წარმოების ჩაის განთავსება შეძლო.
„გამარჯობა“ 1993 წლიდან სხვადასხვა სახელწოდებით აწარმოებს ჩაის. კომპანიის დამფუძნებლებისთვის გურული ჩაის კულტივაცია ოჯახური ტრადიციაა, რომელიც პროფესიულ დონეზე ჩაის სამშობლოში, ჩინეთში შეისწავლეს. ჩინეთში ჩაის ახალ ჯიშებს, სახეობებსა და ტექნოლოგიებს გაეცნენ, საქართველოში დაბრუნებულებმა კი შექმნეს ,,გამარჯობა“, რომლისთვისაც ნედლეულს გურიის მთიან, პესტიციდებისგან სრულიად სუფთა ზონიდან, ადგილობრივი ფერმერების დახმარებით იღებენ.
სააგენტომ "აწარმოე საქართველოში“, ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშესაწყობად, ექსპორტის სტიმულირების საპილოტე პროგრამა 2022 წელს დაიწყო. პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ პროდუქტის ლიცენზირების, ბრენდინგისა და საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლის პროცესი სააგენტოს მხარდაჭერით გაიარონ.