ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია იწყება - მთავრობამ სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა
ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია იწყება. მთავრობამ ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა უკვე დაამტკიცა.
პირველ ეტაპზე, 2021 წელს ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია განხორციელდება კახეთის რეგიონის შერჩეულ მუნიციპალიტეტში. პროგრამის დასრულება კი 2025 წლისთვის იგეგმება.
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა და ითვალისწინებს, არსებული ქარსაფარი ზოლების იდენტიფიცირება-ინვენტარიზაციასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქვეყანაში არსებული ქარსაფარი ზოლის ტერიტორიების იდენტიფიცირება და მათი ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა, ასევე აღნიშნულ ტერიტორიებზე შემორჩენილ ქარსაფარ ზოლებში არსებული მერქნიანი მცენარეების სახეობრივი შემადგენლობის და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრა, რათა შემდგომში განხორციელდეს ქარსაფარი ზოლების რეგისტრაცია, რეაბილიტაცია და აღდგენა/გაშენება.
ინვენტარიზაციას დაექვემდებარება, როგორც მწვანე ნარგაობებით დაკავებული ქარსაფარი ზოლები, ასევე ქარსაფარი ზოლების ის ტერიტორიები, სადაც მთლიანად ან ნაწილობრივ არის განადგურებული მწვანე ნარგაობები ან/და სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარ ზოლს.
ქარსაფარი ზოლების ფუნქცია ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვა და მისთვის ნაყოფიერების შენარჩუნებაა. დეგრადირებული ნიადაგი ხანგრძლივი დროით გამოდის სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში კვლავ გამოყენებისთვის სპეციალური ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს ს.ს.ი.პ. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით.