ივლისიდან ფქვილის სუბსიდირება აღარ გაგრძელდება
პირველი ივლისიდან ფქვილის სუბსიდირება აღარ გაგრძელდება.
როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, გადაწყვეტილება დარგის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გუშინ გამართულ შეხვედრაზე გააცნეს.
„დღესდღეობით რეგიონსა და მსოფლიოში ის პერიოდია, რომ ყველაზე კარგი დრო არის მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ სუბსიდირების პროგრამიდან. სუბსიდირების პროგრამა არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ის გამოიყენება დიდი კრიზისების დროს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. ისტორიულად, ამ პერიოდში ივლისიდან დაწყებული სექტემბრამდე არის ყველაზე დაბალი ფასები ხორბალზე და ანალიტიკაც იქითკენ მიდის რომ წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასი იქნება ხორბალზე. ეს ფქვილზეც აისახება, ანუ პურის შემთხვევაში შესაძლოა ძალიან მცირე რყევები იყოს,“ - განაცხადა ლევან სილაგავამ.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ერთი ტონა ხორბლის ფასი და 280-დან 255 დოლარამდეა შემცირებული. მოლოდინია, რომ ფასი შემცირდება 250 დოლარამდე. ამ კლებამ საქართველოში ერთი ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარიდან 60 ლარამდე გააიაფა.
„სამიზნე ფასამდე, 53 ლარამდე, რომელიც მეპურეების თქმით, საჭიროა იმისთვის რომ პური არ გაძვირდეს დარჩენილია 7 ლარი,“ - აღნიშნა ლევან სილაგავამ.
შეგახსენებთ, ფქვილის სუბსიდირების მეორე ეტაპი საქართველოში ივნისის ბოლოს მთავრდება. პანდემიის პირობებში ფქვილის ფასის სუბსიდირებისთვის და ე.წ. სოციალურ პურზე ფასის შესანარჩუნებლად სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოყო. სუბსიდირების მთავარი მიზეზი რუსეთში, რომელიც საქართველის მთავარი იმპორტიორია, ხორბლის გაძვირება და ექსპორტზე საბაჟო გადასახადის დაწესება გახდა. ამას ხელს უწყობდა გაუფასურებული ეროვნული ვალუტაც. დღეს კი ლარი მყარდება, რუსულ ბაზარზე კი ახალი მოსახლის მოლოდინში, ხორბლის ფასები მცირდება.