იანვარში საექსპორტო ბაზრებზე 5.3 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა
ღვინის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი 35%-იან ზრდას აჩვენებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცმებით, 2022 წელი ექსპორტის ზრდით დაიწყო. იანვარში ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტმა 21.8 მლნ დოლარი შეადგინა.
სააგენტოს მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში 5,3 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს; ექსპორტით მიღებულია 11,6 მლნ აშშ დოლარი, ზრდამ 43%-ს მიაღწია.
ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთში ზრდა 103% (502986 ბოთლი), ჩინეთში - 514% (278493), ლიეტუვაში - 114% (117588), აშშ -ში 245% (79890), ლატვიაში - 22% (92892), ესტონეთში - 102% (64344), იაპონიაში - 482% (17280) და დიდი ბრიტანეთში 35% (42528).
ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებშიც: უკრაინა 93% (574566), ყაზახეთი 106% (99672), ჰოლანდია 74% (18270), შვედეთი 234% (19590), რუსეთი 34% (3204979), მონღოლეთი 23% (40884) და სხვა.
„ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია როგორც რაოდენობრივად, ისე შემოსავლების მხრივ. ზოგადად, იანვრის თვე გამოირჩევა ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის მხრივ ნაკლები აქტიურობით, თუმცა წელს დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდის მაჩვენებელი, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია და, ვიმედოვნებთ, რომ ზრდის ტენდენცია მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.