სოფლის მეურნეობა
19/02/2021

გიორგი სვანიძე: ზეთისხილის კულტურამ კახეთის გარდა, სხვა რეგიონებშიც გაამართლა

ზეთისხილის მოსავალი წელს 2,5-ჯერ გაიზარდა. როგორც კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი გიორგი სვანიძე აცხადებს, დღეისათვის უფრო ბევრი ფერმერი და კომპანიაა დაინტერესებული ზეთისხილის პლანტაციების გაშენებით. ხოლო რაც შეეხება საექსპორტო ბაზარს, მარაგები მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე ცოტაა.

ბიზნესმენი განმარტავს, რომ რაც უფრო მეტი პლანტაცია გაშენდება და მეტი მოსავალი იქნება, საექსპორტო ბაზრისთვისაც უფრო მეტი პროდუქცია გაჩნდება და ქართული ზეთისხილით ისეთი დიდი ქსელების მომარაგება მოხდება, როგორიცაა კარფური და სხვა.

„წელს ზეთისხილისთვის ძალიან კარგი ამინდი იყო. დაახლოებით 2,5-ჯერ მეტი ზეთისხილი მოვიდა, ზუსტი რაოდენობის თქმას მარტის ბოლოს შევძლებთ. გაზრდილია ზეთისხილის პლანტაციების რაოდენობაც. ზეთისხილის რთველის მიმდინარეობისას, დილით ექვს საათზე ვხსნიდით ქარხანას და ფერმერების რიგები იდგა პროდუქტის ჩაბარებაზე. გვიხარია, რომ ხალხმა უკვე აქტიურად დაიწყო ზეთისხილის დარგვა. უკვე დიდმა კომპანიებმაც გამოხატეს სურვილი ამ კულტურის გაშენებასთან დაკავშირებით. რამდენიმე ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება უკვე გავაფორმეთ, მაგალითად KTW-სთან, სადაც ასობით ჰექტარი ზეთისხილის დარგვაზე ვსაუბრობთ, ასევე "საპარტნიორო ფონდთან". ჩვენც, რა თქმა უნდა, ნარგავი ფართობების მოცულობას ყოველწლიურად ვზრდით,“ - აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

მისივე განმარტებით, ზეთისხილის კულტურამ კახეთის გარდა, სხვა რეგიონებშიც გაამართლა. გიორგი სვანიძე ფერმერებს ამ კულტურით დაინტერესებას ურჩევს.

„წარმოიდგინეთ, ეს ათასწლიანი კულტურაა. საუკუნეების განმავლობაში ზეთისხილს მოსავალი მოაქვს. ზეთისხილის გაშენება ისეთი საქმეა, რომელიც შთამომავლობას გამოადგება. დღეს დიდ ქსელებთან საუბარი გვიჭირს, რადგან პროდუქცია არ გვყოფნის. რაც მეტი პლანტაცია გაშენდება მით მეტი პროდუქცია გვექნება. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა რეგიონში მოყვანილი ზეთისხილის გემო სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, ტარიბანაში, სიღნაღსა თუ ბაღდადში მოყვანილ ზეთისხილს ერთმანეთისგან განსხვავებული გემოვნური თვისებები აქვს,“ - განმარტა გიორგი სვანიძემ.

სვანიძე ამბობს, რომ "ქართული ზეთისხილის" კომპანიისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლება, თუმცა რადგან მოთხოვნა მზარდია და ამ კულტურის მიმართ ინტერესიც მკვეთრად გაზრდილია, საზღვარგარეთ პირველი პარტიის გატანა შემოდგომისთვის იგეგმება.

როგორც ცნობილია, ქართული ზეთი პირველად 2016 წელს გამოჩნდა და მან ადგილობრივი ბაზრის 10-12% დაიკავა, დღეს კი იმპორტირებული პროდუქტის დაახლოებით 20-22% ჩანაცვლებულია.

2016 წლის 26 მარტს, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში "ქართული ზეთისხილის" გადამამუშავებელი პირველი ქარხანა გაიხსნა.

ზეთისხილის საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. ქარხნის წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.

ცნობისათვის, ქართული ზეთისხილის კულტურის აღორძინებაზე ზრუნვა მისი უწმინდესობის, პატრიარქის და ქართული დიასპორის თანადგომით დაიწყო. ამ უნიკალურ პროექტში კომპანიებმა „ქართული ზეთისხილი“ და „ჯეო ოლივი“ რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, რის შედეგედაც 300 ჰექტარზე ზეთისხილის პლანტაცია (250 ათასი ზეთისხილის ნერგი) გაშენდა.