სოფლის მეურნეობა
13/11/2020

GABA: აგროსექტორში არსებული სურათი რადიკალურად უნდა შეიცვალოს

საქართველოს აგრობიზნეს ასოციაციაში (GABA) აგროსექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ და არსებული სურათის რადიკალურად შეცვლის აუცილებლობაზე მიათითებენ.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში სექტორში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად გაიზარდა საექსპორტო წარმოება, შემცირდა აგროპროდუქტების უარყოფითი სავაჭრო ბალანსი; სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე გაიზარდა ინვესტიციები, თუმცა გამოწვევები მაინც მრავლად რჩება.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად GABA-ში ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილების დეფიციტს ასახელებენ.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ პრობლემაა მიწის რესურსების დაბალი კონცენტრაცია და გამოყენების დაბალი მაჩვენებელი; კოოპერაციის არასაკმარისი დონე, არსებული კოოპერატივების უმოქმედობა; პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის ღირებულებათა ჯაჭვის გაუმართაობა; შექმნილი დამატებული ღირებულების არასაკმარისი დონე; შრომის დაბალი მწარმოებლურობა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი; სათესლე და სარგავი მასალის არაკონდიციურობა და სიმცირე; არასაკმარისი თანამედროვე ტექნიკა; საირიგაციო წყლის დეფიციტი, მიწოდების არაორგანიზებულობა და მოხმარების არაგონივრულობა.

"არსებული სურათი რადიკალურად უნდა შეიცვალოს, რამდენადაც განვითარებული სოფლის მეურნეობა, თანამედროვე კვების ინდუსტრია, მაღალმწარმოებლური აგრარული სექტორი, ქვეყნის მდგრადი და ინკლუზიური განვითარების შემადგენელი ნაწილია", - განმარტავს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ჩიქავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აგრობიზნეს ასოციაცია (GABA) სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2020 წლის 2 ოქტომბერს დაფუძნდა, უკვე დაწყებულია აგრარული სექტორის მსხვილი წარმომადგენლების გაერთიანება. ასოციაციის უმთავრესი ამოცანაა ხელი შეუწყოს მსხვილი ბიზნესის სოფლის მეურნეობით დაინტერესებას.

ახალდაფუძნებული ასოციაცია აერთიანებს აგროსექტორის მსხვილ ბიზნეს ერთეულებს, კოოპერატივებს, საინვესტიციო ფონდებს, საფინანსო ინსტიტუტებს, საკონსულტაციო კომპანიებს, ასოციაციებს და პროფესიულ გაერთიანებებს, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.