სოფლის მეურნეობა
01/04/2021

ფქვილის ფასის სუბსიდირების ახალი ეტაპი დაიწყო - ტენდერში 7-მა კომპანიამ გაიმარჯვა

დღეიდან ფქვილის ფასის სუბსიდირების ახალი ეტაპი დაიწყო. პურზე ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად პროგრამის ფარგლებში სახელწიფო ერთ ტომარა ფქვილს 20 ლარით ასუბსიდირებს.

„ეს არის სამთვიანი პროგრამა და გაგრძელდება აპრილის, მაისის და ივნისის თვეში. ახალ მოსავალს 1-ელი ივლისიდან ველოდებით და იმედს ვიტოვებთ, ვითარება ამ პერიოდიდან სტაბილურობისკენ წავა. ფასები ჯერ-ჯერობით ხორბალზე ისევ მაღალია. როგორც ვიცით, რუსეთის გადაწყვეტილება საექსპორტო ბაჟის შემოღებაზე საკმაოდ დიდ პრობლემებს ქმნის. ამან დაძაბა ბაზარზე არსებული ვითარება. აქედან გამომდინარე, დღეს ერთი ტომარა ფქვილი საშუალოდ 73 ლარი ღირს. სამიზნე ფასი იმისთვის რომ პურზე ფასის მატება არ მოხდეს 53 ლარია. შესაბამისად, სახელმწიფო 1 ტომარას 20 ლარით დაასუბსიდირებს. ტენდერი სწორედ ამ პირობით იყო გამოცხადებული, სადაც გაიმარჯვა შვიდმა კომპანიამ. მათ 1 ტომარა ფქვილი 53 ლარში უნდა მიაწოდონ 61 პურის საწარმოს,“ - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელტა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა.

რაც შეეხება წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლებს. ექსპერტები მიმდინარე წელს მოსავლის დიდ რაოდენობას ელიან, რაც ბაზარზე ფქვილზე ფასების კიდევ უფრო ზრდის რისკებს ამცირებს.

„დღეს გვიან ღამით გამოქვეყნდება აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოვეთვიური მონიტორინგის შედეგები. წინასწარი მონაცემებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კარგი მოსავლის წინაპირობა არსებობს რუსეთის მიმართულებით, ასევე შავი ზღვისპირეთის ქვეყნებში. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინიც, არის რომ ახალი მოსავლის პირობებში ფასი სტაბილურობისკენ წავა. შესაბამისად, სამი თვის მერე სუბსიდირების პროგრამა სავარაუდოდ აღარ დაგვჭირდება, მაგრამ პოზიტიური მოლოდინების ფონზე საკმაოდ დიდ გამოწვევად რჩება ლარის კურსი, რომლის დასტაბილურებაც ვერ ხერხდება. ეს არის ძალიან დიდი უარყოფითი ფაქტორი ყველა სხვა პოზიტიურ მოლოდინთან მიმართებაში. ახალი ხორბლის შეძენა იმპორტიორებს უხდებათ სხვა ვალუტაში და კურსის არასტაბილურობა სამომავლო პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა,“ - ლევან სილაგავა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელტა ასოციაციის თავმჯდომარე.

ფქვილის ფასის 53 ლარიან ნიშნულზე შესანარჩუნებლად სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა წესით მარტის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით მექანიზმის შეჩერება ქვეყანაში პურის 20-25 თეთრით გაძვირდებას გამოიწვევს.

Businesspartner