სოფლის მეურნეობა
20/03/2023

"ფერმერებს უნდა გვქონდეს რესურსი, თევზის დაავადებები შესაბამის ლაბორატორიებში შევამოწმოთ"

აკვაკულტურის დარგში ყველაზე დიდი გამოწვევად დღემდე შესაბამისი განათლების არქონა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი რჩება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ფორეჯის“ და საკალმახე მეურნეობა “სოფოს კალმახის” დამფუძნებელმა, სოფო დიასამიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ დრომდე, ფერმერები მამაპაპისეული მეთოდებით მუშაობენ, მიუხედავად იმისა, რომ დარგში ძალიან ბევრი სიახლეა და მთელი მსოფლიო თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადავიდა.

„აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ბევრი სამუშაოა ფერმერების განათლების დონის ასამაღლებლად. მოგეხსენებათ, რომ აკვაკულტურა საქართველოში არ ისწავლება და ჩვენ ვცდილობთ, რომ უცხოური გამოცდილება მივიღოთ “, - განმარტა სოფო დიასამიძემ.

მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აკვაკულტურის, როგორც დარგის განვითარებას აფერხებს, თევზის დაავადებებია, კერძოდ იხტიო პათოლოგიის კუთხით.

„სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოვაგვარეთ ეს პრობლემა. აქედან გამომდინარე, მივესალმებით იმ კანონს, რომელიც ქვეყანაში ამოქმედდა აკვაკულტურის ნაწილში. ეს კანონი, როგორც ფერმერს ავალდებულებს, რომ სამეწარმეო პროცესი მოაწესრიგოს, ასევე სახელმწიფოსაც ავალდებულებს იმას, რომ ხელმისაწვდომი გახადოს ის სერვისები, რაც  ამ კანონის აღსრულებას სჭირდება.

მაგალითად, ერთ-ერთი პუნქტია თევზის ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერა მეურნეობაში, შესაბამისად, ჩვენ ანუ ფერმერებს უნდა გვქონდეს იმის რესურსი, რომ თევზის დაავადებები შესაბამის ლაბორატორიებში შევამოწმოთ, რასაც ვითხოვთ უკვე წლებია, განსაკუთრებით იხტიო პათოლოგიის მიმართულებით“,- განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ სოფო დიასამიძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვიდან, საქართველოში „აკვაკულტურის შესახებ“ კანონი ამოქმედდა, რომელიც აკვაკულტურის პრინციპებსა და სამართლებრივ საფუძვლებს აწესრიგებს, ასევე განსაზღვრავს  აკვაკულტურის ზონების გამოყოფის, სახელმწიფო კონტროლისა და აკვაკულტურასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. 

კანონის მიზანი აკვაკულტურის პასუხისმგებლიანი და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა, ასევე აკვაკულტურის საქმიანობის მოწესრიგება შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის და საქართველოს შიგა წყალსატევების განსაზღვრულ ადგილებში. ეს კანონი საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, მის წიაღში, კონტინენტურ შელფში, ტერიტორიულ წყლებში და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებულ წყალს აღიარებს სახელმწიფოს ეროვნულ სიმდიდრედ.

 

Businesspartner