©FAO/ია ებრალიძე
სოფლის მეურნეობა
07/02/2022

FAO: ქართული "წითელი ხორბლის" პური ტრადიციას და ტურისტულ პოტენციალს აცოცხლებს

საქართველოს აქვს ამბიცია, მომავალ ათწლეულში, რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე აგროტურისტული დანიშნულების ადგილი გახდეს. ამის იმედს მას მდიდარი გასტრონომიული ტრადიციები, კულტურული მემკვიდრეობა და განუმეორებელი პეიზაჟები აძლევს, – წერს FAO, რომელიც EBRD-თან ერთად წამოწყებული ინიციატივით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 

საქართველოში აგტროტურიზმის განვითარების საპილოტე პროექტისთვის სამცხე-ჯავახეთი შეირჩა, სადაც ზაზა ივანიძეს საკუთარი მეურნეობა აქვს. სწორედ სამცხე-ჯავახეთის სავიზიტო ბარათებია "წითელი დოლი" და ტრადიციული ყველი "ტენილი". სტრატეგიული საგზაო რუკა უკვე შემუშავდა, გურმანი ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის ე.წ. გასტრომარშრუტები იგეგმება: სტუმრები საინტერესოდ დაგეგმილ მარშრუტებზე აღმოჩნდებიან, რომლებიც, სხვა პუნქტებთან ერთად, საგანმანათლებლო მეურნეობებსაც მოიცავს.

როგორც ზაზა და მისი მეუღლე თინათინ ჩილინგარაშვილი ამბობენ, როცა პირველად საკუთარ პატარა მეურნეობაში უძველესი, გადაშენების პირას მყოფი წითელი ხორბლისგან, ახალციხური წითელი დოლისგან გამომცხვარი პური გასინჯეს, ნოსტალგიურ, წარსულის მოგზაურობაში აღმოჩნდნენ.

"თავიდან გავოცდით ამ გემოთი, რომელმაც ბავშვობის მოგონებები აგვიშალა. ამასობაში, აღმოვაჩინეთ, რომ ეს პური არა მხოლოდ საკვები ელემენტებით არის მდიდარი, არამედ მისი შენახვა დიდი ხნითაც შეიძლება. მიწის დამუშავებისა და დათესვისთვის პაპაჩემი ხარებსა და გუთანს იყენებდა. ხორბლის მოსავალს ხელით იღებდა და ხელითვე ასუფთავებდა, ხოლო მარცვლეულს სოფლის წყლის წისქვილში ფქვავდა. შედეგად, სუფრაზე ახალგამომცხვარი, უგემრიელესი პური გვქონდა ხოლმე. ჩემმა პაპამ 100 წლამდე იცოცხლა. "წითელი დოლის" ბუნებაც ეს არის - ძლიერი ასაკოვანი წინაპარივით ხანგრძლივი და ჯანსაღი სიცოცხლე კავკასიის სამხრეთ ნაწილში, რომელიც ნაკლებად ნოყიერი ნიადაგით და მძიმე კლიმატით გამოირჩევა. ეს ჩემთვის ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდა."–ამბობს, ზაზა ივანიძე.

2021 წელს პატარა საცხობიც გახსნეს. ტრადიციულ, შეშის თონეში წითელი ფქვილისა და სხვა რჩეული ინგრედიენტებისგან გამომცხვარი პურისა და ცომეულის ნაირსახეობას ყიდიან. თანასოფლელებსა და იმ გამვლელებს, რომლებიც თონესთან აღმოჩნდებიან, საცხობის მფლობელები უფასო დაგემოვნებასაც სთავაზობენ.

"იმის მიუხედავად, რომ საცხობი ბიზნესი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ, ადგილობრივი მაღაზიებისგან და რესტორნებისგან უკვე სპეციალურ შეკვეთებს ვიღებთ. სამომავლოდ, მიტანის სერვისის დამატებას და მენიუს გამრავალფეროვნებასაც ვგეგმავთ, ტრადიციული ცომეულითა და ცომისგან დამზადებული ადგილობრივი კერძებით, მაგალითად, თუთმაჯით, მაკარლამათი და თათარბერაგით."–ამბობს, ივანიძე.

მათი პროექტი, ისევე როგორც ბევრი სხვა, რომლებიც FAO-სა და EBRD-ის მხარდაჭერით წამოწყებულ ინიციატივაში ჩაერთო, კარგი მაგალითები არიან იმისა, თუ როგორ შეიძლება სასურსათო ტრადიციების გაცოცხლებამ ადგილობრივი ეკონომიკა და მცირე ბიზნესები გამოაცოცხლოს და ქვყენის უნიკალური გასტრონომია, ბიომრავალფეროვნება და ბუნება შეინარჩუნოს.

ინიციატივა სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, მონტენეგროსა და იორდანიაშიც ვრცელდება და სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, საჭირო ეროვნული კანონმდებლობის შემოღებასა და ინვესტიციების ხელშეწყობას, რომლებიც ადგილბორივ სამზარეულოს წარმოაჩენს და დასამახსოვრებელ ტურისტულ გამოცდილებებს შექმნის.

"აგროტურიზმის განვითარების მთავარი გასაღები აგროტურიზმისა და მასში ინვესტირების ხელშეწყობის გეგმის წარმატებას განაპირობებს ის, რომ პროექტი ერთ მაგიდასთან მრავალფეროვან დაინტერესებულ მხარეებს უყრის თავს, რომლებიც საერთო ხედვაზე შეთანხმდებიან. იმედი გვაქვს, უკეთესი კომუნიკაცია იქნება, განსაკუთრებით, კერძო სექტორსა და მთავრობას შორის. დანიშნულების ადგილების მართვის ორგანიზაციის. ადგილობრივი მეურნეობებისა და აგრობიზნესის მომსახურების ხარისხს, ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის პროდუქციას და ყველა ჩართული მხარის მასპინძლობის უნარებს გააუმჯობესებს".–ამბობს იმერეთის პროექტების განვითარების მენეჯერი მარიამ ჟორჟიკაშვილი.